აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებამ, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების დახურვის შესახებ, სავალუტო ბაზარზე სპეკულაციური განწყობები აღკვეთა, თუმცა დოლართან დაკაშირებული აჟიოტაჟი გაამწვავა. ამის შესახებ haqqin.az წერს და ვალუტის გადახურდავების მსურველთა რიგის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთ ბანკთან, სადაც ვალუტის გადახურდავება არის შესაძლებელი, ასეულობით ადამიანისაგან შემდგარი რიგი დგას. ადამიანები საათობით დგანან აშშ დოლარის შესაძენად რიგში, რომელსაც შეზღუდული რაოდეობით გასცემენ - არაუმეტეს 500 დოლარისა ერთ პირზე.
აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ფუნქციონირება აუკრძალა. ვალუტის გადაცვლა დღეიდან მხოლოდ ბანკის ოფისებშია შესაძლებელი.
ამასთან, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები შენარჩუნებულია ტურისტულ ადგილებში, მაგალითად, აეროპორტებსა და სასტუმროებში.
აღნიშნულ სიახლეს მარეგულირებელი ორგანო უფრო ოპერატიული მომსახურების უზრუნველყოფით ხსნის.
აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში დღეის მდგომარეობით 914 ბანკის ფილიალი ფუნქციონირებს, მათ შორის 458 რეგიონებში მდებარეობს.