საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ საგურამოში გამართული კორპორაციული საღამოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ვოლსკის განცხადებით სარამო მხოლოდ ახალი წლის აღსანიშნავად გაიმართა და მასზე პოლიტიკური საკითხები არ განიხილებოდა.
"ახალი წელი მივულოცეთ ერთმანეთს. იყო მოკრძალებული სუფრა და ვფიქრობ, კარგი საღამო გამოვიდა. უახლოეს დღეებში, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია კოალიციურობა და სიები, ყველაფერზე გექნებათ პასუხები. დღეს იყო ახალი წლის აღსანიშნავი საღამო. სპორტსმენები იქნებიან სიებში, მსახიობები, ზეინკლები, თუ იურისტები, ეს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობა მოითხოვს, ისე იქნება ჩვენი გუნდის მხრიდან. ეს არის გუნდი, რომელიც არის უშლელი და ირაკლი ღარიბაშვილიც იყო სტატუსით, რასაც ჰქვია მეგობარი და ამ გუნდის წევრი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ გურამიშვილის მარანში გამართული კორპორაციული შეკრება დასრულდა. შეკრებას ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ. მათ გურამიშვილის მარანი უკომენტაროდ დატოვეს.