გერმანული გამოცემა Süddeutshe Zeitung-ის ცნობით, ბავარიის ადგილობრივი მთავრობა, ლტოლვილთა ნაკადის შემცირების მიზნით, ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიის გაფართოებას ითხოვს. სიაში კი საქართველოს შეყვანასაც ითხოვენ.
აღნიშნული ინიციატივა ნიშნავს, რომ საქართველოდან გერმანიაში ჩასულ ლტოლვილებს თავშესაფარზე უარს ეტყვიან, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ჩაითვლება.
სტატიაშია ნათქვამია, რომ ქვეყანა მიიჩნევა უსაფრთხოდ, თუ იქ არ არის პოლიტიკური დევნა.
ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოაჰიმ ჰერმანმა მთავრობის შეხვედრაზე განაცხადა, რომ აღნიშნული სია მთავრობას დაეხმარება სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებლების განაცხადებთან დაკავშირებით.
სიაში საქართველოს გარდა, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, ინდოეთი, მალი, მონღოლეთი, ალჟირი, გამბია და ბანგლადეშიც უნდა შევიდეს.
გერმანული გამოცემის ცნობით, თავშესაფრის მოთხოვნაზე სწორედ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების განცხადებებს იშვიათად აკმაყოფილებს მიგრაციისა და ლტოლვილების ფედერალური სამსახური.
გერმანიაში გასულ წელს თითქმის 1,1 მილიონი ლტოლვილი დარეგისტრირდა.