ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი გააგრძელებს ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების კურსს.
"ევროკომისიის საბოლოო ანგარიშის დასკვნების თანახმად, სამოქმედო გეგმის ყველა ეტაპობრივი სამიზნე წარმატებით არის მიღწეული, რაც არის საქართველოს მთავრობის დაუღალავი შრომისა და რეფორმებზე კონცენტრირების შედეგი, მთავრობისა, რომლის წევრიც თქვენ აქამდე ბრძანდებოდით და რომელსაც ახლა სათავეში უდგახართ. თქვენს ხელმძღვანელობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება რეფორმების გატარების ძლიერი მუხტის შენარჩუნებაში ვიზების ლიბერალიზაციისკენ მიმავალ გზაზე, ასევე ასოცირების ხელშეკრულებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით გათვალისწინებული პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის განხორციელებისას," - ნათქვამია მისალოც წერილში.
ფედერიკა მოგერინი ხაზს უსვამს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს ძალისხმევისადმი, რომელიც მიმართულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებთან აქტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და სტაბილიზაციისკენ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთო დღის წესრიგის გატარებას და ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.