საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთის ვიზის მიღების ვადის შემცირების შესახებ განცხადებას მიესალმება.
ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს არ არის გადაწყვეტილება, ეს არის განცხადება, რომელსაც მიესალმება.
„მე მინდა დავაზუსტო - ეს გადაწყვეტილება არ არის, ეს იყო განცხადება, რომელსაც, რა თქმა უნდა, მივესალმები. ვიზის ყველა გამარტივებული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება, არა მარტო საფრანგეთში, არამედ შენგენის ზონაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ, მოკლევადიანი გადაადგილების შესაძლებლობების გაჩენა", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა განაცხადა, რომ საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღების ვადას უმცირებს.
მისი თქმით, ვიზის მიღების ვადა ხუთი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, თურქეთის, ვიეტნამის და ინდონეზიის მოქალაქეებს შეუმცირდებათ. კერძოდ, აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეები, ტურისტულ ვიზას 48 საათში მიიღებენ. გადაწყვეტილება საფრანგეთმა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების გამო მიიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის შევა ის ძალაში.