reportiori.ge - მიხეილ ჯანელიძე: ქვეყნის უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარება ევროპულ და ტრანსატლანტიკურ სივრცეშია შესაძლებელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:14
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: ქვეყნის უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარება ევროპულ და ტრანსატლანტიკურ სივრცეშია შესაძლებელი
ავტორი:
15 იანვარი, 2016. 18:37


საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.



მინისტრმა დიპლომატებს საგარეო უწყების მიზნები და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, „რომელიც არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის მთავრი პრიორიტეტია, არამედ ეროვნული იდენტობის ნაწილიც, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველები სრულად იზიარებენ ევროპული ღირებულებების სისტემას და სწამთ, რომ ქვეყნის უსაფრთხო, სტაბილური და დემოკრატიული განვითარება მხოლოდ ევროპულ და ტრანსატლანტიკურ სივრცეშია შესაძლებელი".



შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, როგორც მთავრობის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას, და ამ კონტექსტში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს კონსტრუქციული მონაწილეობის მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა შერიგების პროცესში ნდობის აღდგენისა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობაზეც ისაუბრა.



საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელების წინაშე გამოსვლისას, მიხეილ ჯანელიძემ გასული წლის მოვლენებიც შეაჯამა, კერძოდ, მან 2015 წელს მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა, მათ შორისაა ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, ევროკომისიის დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა, რაც NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.



მინისტრმა საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ეკონომიკური დიპლომატია დაასახელა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის დამაკავშირებელი ჰაბის მნიშვნელობას და საერთაშორისო ასპარეზზე ამ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენებას. ამ კონტექსტში მინისტრმა ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის განვითარებას ტრანსპორტის, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და მრეწველობის სფეროებში.



გამოსვლის დასასრულს, მიხეილ ჯანელიძემ დიპლომატიურ კორპუსს მადლობა გადაუხადა საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ დიპლომატები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს დღის წესრიგის პრიორიტეტული მიზნების შესრულების, კერძოდ, დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით. მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის მონაწილეებს ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და სპეციალურ მიღებაზე უმასპინძლა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016