ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ 2016 წლის ევროკომისიის პრიორიტეტი ევროკავშირში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების უზრუნველყოფა იქნება. იუნკერმა გადაუწყვეტ პრობლემებად დაასახელა - უკრაინაში არსებული მძიმე ვითარება, რუსეთთან უთანხმოება და ტერორისტული საფრთხეები. მისივე თქმით, ევროკავშირი მიგრაციული კრიზისისთვის მზად არ იყო.
ევროკომისიის პრეზიდენტმა უარყოფითად შეაფასა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის განცხადებები, რომლებსაც მიგრანტების მიღება არ სურთ.
„კომისიამ ყველაფერი გააკეთა, რაც კი იყო შესაძლებელი ძალიან მძიმე პირობებში. თუმცა, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, როგორც ჩანს, შეექმნა პრობლემები მინისტრთა საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებასთან დაკავშირებით.
თუ 2016 წელს არ შესრულდება ნაკისრი ვალდებულებები, ევროკავშირში ნდობის კრიზისი შეიქმნება.
თუ შენგენის ზონა მიგრაციულ ზეწოლას ვერ გაუძლებს და ევროკავშირის შიგნით თავისუფალი გადაადგილება შეიზღუდება, ეს მძიმე დარტყმას მიიტანს ეკონომიკაზე და უმუშევრობას გაზდის.
გასული წელი ევროპისთვის მძიმე იყო. ყველაფერი რთულად იქნება წელსაც. მაგრამ არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს დასასრულის დასაწყისია", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.