მსოფლიოში არც ისე ცოტა სამეფოა. მარტო ევროპაში 12-ია, აზიაში - 13 , აფრიკაში - 3. მოგიყვებით საინტერესო ფაქტებს ყველაზე პოპულარულ უფლისწულებსა და დედოფლებზე. ალბათ ბევრს აინტერესებს, როგორ ზრდიან ტიტულოვანი მშობლები თავიანთ მემკვიდრეებს.
ინგლისი
დიდი ბრიტანეთის ჰერცოგი და ჰერცოგინია პრინც ჯორჯის დაბადების პირველი დღიდანვე აღნიშნავდნენ, რომ მას და მომდევნო შვილებსაც გაზრდიან ისე, რომ მათ ბედნიერი - „ჩვეულებრივი" ბავშვობა ჰქონდეთ.
თვითონ ჰერცოგინია საშუალო კლასის ოჯახში გაიზარდა და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. ჰერცოგი პრინცესა დიანას მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიზარდა, თუმცა არც ის გახლდათ ფუფუნებით განებივრებული. ჰერცოგინია უკვე მესამე შვილს ელოდება და უფროსი ჯორჯი საბავშვო ბაღშიც მიიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 2 წლისაა.
ესპანეთი
ესპანეთის მეფე ფილიპ VI და დედოფალი ლეტისია ინფანტ ლეონორისა და სოფიას განათლებას დიდ ყურადღებას უთმობენ. გოგონების აღმზრდელს წელიწადში 50 ათას ევროს უხდიან. ცალკე შეასწავლიან 5 უცხო ენას. 9 წლის ლეონორი და 8 წლის სოფია მკაცრი რეჟიმით იზრდებიან: ისინი დადიან სკოლაში, შეისწავლიან მუსიკასა და ცეკვას. ცნობილია, რომ ლეონორი ყოველ წელს ირჩევს კლასიდან ერთ-ერთ გოგონას, რომელსაც ენიჭება პრინცესას საპატიო კომპანიონის წოდება საშინაო დავალებების შესრულებაში. ლეონორს ზრდიან როგორც მომავალ სახელმწიფოს მეთაურს. გეგმავენ, რომ მომავალში იგი შეისწავლის დიპლომატიისა და ეკონომიკის საფუძვლებს. ამ ეტაპზე მას ასწავლიან, როგორ მოიქცეს საზოგადოებაში.
მეფე და დედოფალი სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ გოგონებს უფრო მშვიდი ცხოვრება ექნებოდათ ფოტოგრაფებისა და ჭორების გარეშე. მათი ყოველი გამოჩენა საზოგადოებაში დიდი სიხარულია თაყვანისმცემლებისთვის. ისინი მართლაც ძალიან ლამაზები არიან. ლეონორი და სოფია აღიარებულები არიან სამეფო წარმომავლობის ყველაზე მოდურ წარმომადგენლებად.
შვედეთი
შვედეთის ტახტის მემკვიდრე მისი აღმატებულება ესტელ სილვია ევემარი თითქმის სამ-ნახევარი წლისაა. ის დაჰყავთ იმ ბაღში, სადაც ადრე დედამისი - დედოფალი ვიქტორია დადიოდა. გოგონა აქტიურ ცხოვრებას ეწევა, ხშირად სხვადასხვა ღონისძიებაზე საზოგადოების წინ ჩნდება მშობლებთან ერთად. მას არ უმალავენ მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს. მისი პოზიტიური ფოტოები რეგულარულად ახარებს საზოგადოების თვალს.
სტელი ჯერ პატარაა სწავლა-განათლებისათვის, მაგრამ მშობლები უკვე ურჩევენ საკითხავ ლიტერატურას. ერთ-ერთი წიგნი ვიქტორიამ თავად დაწერა მეუღლის თანაავტორობით. მას ასე ჰქვია: „დედოფალ ესტელის ლოცვების წიგნი", სადაც საბავშვო სიმღერებიც შედის
ნორვეგია
ნორვეგიის პრინცს ჰოკონს და მის მეუღლეს მეთე-მარუტს ორი საერთო ბავშვი - თერთმეტი წლის ინგრიდ ალექსანდრა და ცხრა წლის პრინცი - სვერე მაგნუსი ჰყავთ. ამჟამად პრინცისა და მისი მეუღლის მთავარი საზრუნავი შვილების სწავლაა.
ისინი სწავლობენ ოსლოს კერძო სკოლაში, სადაც მეხუთე კლასიდან ყველა საგანი მხოლოდ ინგლისურ ენაზე ისწავლება. ორივე აქტიურად არის ჩართული სოც ქსელში. ცხოვრობენ ჩვეულებრივი მოზარდების ცხოვრებით. პაპარაცები მათ გამუდმებით ადევნებენ თვალს.
დანია
დანიის პრინცი ფრედერიკი და დედოფალი მერი მრავალშვილიანი მშობლები არიან. მათ 4 შვილი ჰყავთ: 9 წლის პრინცი კრისტიანი, 8 წლის იზაბელა და ოთხი წლის ტყუპი ვინსენტი და იოზეფინა.
ერთ-ერთ ინტერვიუში მისი აღმატებულება მერი ჰყვება იმის შესახებ, თუ როგორ ტკბება დედობით: „ეს ყველაზე სასიამოვნო დროა ცხოვრებაში, ცხოვრობთ საკუთარ სამყაროში საკუთარი უცოდველი ანგელოზების გარემოცვაში. ახლა ხომ სწორედ ისეთები არიან, როგორიც ღმერთმა შექმნა".
ოჯახი აქტიურ ცხოვრებას ეწევა. მონაწილეობას იღებენ სპორტულ შეჯიბრებებში, უყვართ ფოტოსესიები. პატარა მემკვიდრეები საზოგადოებაში ძალიან თავისუფლად იქცევიან, მშობლები არ ზღუდავენ მათ და ამბობენ, რომ ვერ ხედავენ ვერაფერ კრიმინალურს ბავშვურ სიცელქეში.
მონაკო
მონაკოს მმართველს ალბერ II-ს და მის მეუღლე შარლენს ტყუპი ჰყავთ. ისინი ჯერ მხოლოდ 7 თვის არიან. ჯერ მათი აღზრდის პრინციპებზე საუბარი ადრეა. 56 წლის ალბერ II, წარსულში გამოუსწორებელი პფლეიბოი, ესწრებოდა მეუღლის მშობიარობას (ბავშვები საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ).
საოპერაციოდან გამოსულმა სიხარულით წარმოთქვა: „მე ვიყავი საოპერაციოში და ვეხმარებოდი მეუღლეს როგორც შემეძლო. ეს იყო არაჩვეულებრივი".
ბავშვები კათოლიკურ ეკლესიაში მონათლეს. შარლენი, ყოფილი ჩემპიონი ცურვაში, პატარებს უკვე ასწავლის ცურვას.
ბელგია
ბელგიის მეფე ფილიპს და მის მეუღლე დედოფალ მატილდას ოთხი შვილი ჰყავთ. ყველა ბრიუსელის კათოლიკურ კოლეჯში სწავლობს.
არდადეგებზე მთიან კურორტზე მშობლებთან ერთად ისვენებენ, სრიალებენ თხილამურებზე, დადიან ზოოპარკში, მონაწილეობენ ფოტოსესიებში.
იაპონია
თავისი პრინცი და დედოფალი ჰყავს იაპონიასაც. ერთადერთი ბიჭი, რომელიც უკანასკნელი 40 წლის მანძილზე დაიბადა იმპერატორის ოჯახში - ხისახიტო 9 წლისაა. თავისი დაბადებით მან ქვეყანა გამოიყვანა ტახტის მემკვიდრეობის კრიზისიდან, რადგან მის დაბადებამდე მხოლოდ გოგონები იბადებოდნენ, რომლებსაც კანონის თანახმად არ შეეძლოთ, სამეფო ტახტის მემკვიდრე გამხდარიყვნენ.
ახლა ხისახიტოზე დიდი იმედები აქვთ დამყარებული, იგი ხომ ოდესმე იმპერატორი გახდება. მომავალი პრინცი სკოლაში დადის. მშობლები თვლიან, რომ მისთვის აუცილებელია თანატოლებთან აქტიური კონტაქტი. სკოლაში მასზე შეღავათები არ ვრცელდება.
წყარო - mshoblebi.ge