„საზოგადოებრივი მაუწყებელის" გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა.
„მოამბის" ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც ვახტანგ ქირიას ნათესავი იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც სამართალდამცველები მის კვალზე გავიდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს. პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე #35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. შემთხვევის ადგილზე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებოდნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
ვახტანგ ქირიას შვილმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ მედისგან შეიტყო. ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის 24-ე კორპუსის მცხოვრებლები კი პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ სამართალდამცველები რამდენიმე დღეა მათ ბინებს ამოწმებდნენ.
ადგილზე იმყოფებოდა მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსში, აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი ვახტანგ ქირიაა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღე ვერ პოულობდნენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანდა.