სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში გადაასვენეს. მისი კოლეგები და თანამშრომლები გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებიან. ისინი მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ. ქირიას მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვისაც.
ოჯახი გავრცელებულ თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს. ოჯახის ახლობლები ადასტურებენ, რომ კუჭავა ქირიას ნათესავი იყო, თუმცა მათ შორის რაიმე დაპირისპირებაზე ვერ საუბრობენ.
ვახტანგ ქირიას ძმის ელდარ ქირიას განცხადებით, გამოძიების შედეგების მოლოდინშია.
„ზუსტად ვერაფერს გეტყვით, გამოძება მიმდინარეობს და მოტივიც მაშინ გამოიკვეთება და სხვა დეტალებიც", - განაცხადა ელდარ ქირიამ.
გარდაცვლილის ძმამ საგამოძიებო უწყებებს სწრაფი რეაგირებისთვის და მისი ძმის ცხედრის პოვნისთვის მადლობა გადაუხადა.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქირიას მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ, სამსახურებრივი არ ყოფილა.
„სავარაუდოდ, მოტივი არ იყო სამსახურებრივი, როგორც ეს ახლობლებისგან გავიგე, თუმცა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს", - განაცხადა კობა ქანთარიამ.
შს სამინისტრომ ვახტანგ ქირიას საქმეზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია გუშინ მოკლული იპოვეს.