ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რეფორმა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა და რომელიც საგადასახადო ადმინისტრირებას შეეხება.
„ჩვენ ბიზნესის მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია, რომ მნიშვნელოვანია ადმინისტრირების მიმართულებით შემოწმებები სწრაფად დაიწყოს, სწრაფად დამთავრდეს და გადაწყვეტილებები იყოს გამჭვირვალე, რასაც ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ახორციელებდა, თუმცა გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის საჭირო. ამ მიმართულებით გააჟღერა დღეს პრემიერ-მინისტრმა ინიციატივები, რომლებიც ცხოვრებაში იქნება გატარებული.
დღევანდელ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ინიციტივები მოვისმინეთ ბიზნესის მხრიდანაც. მაგალითად, ერთ-ერთი ინიციატივა იყო , რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ მომხდარიყო ანგარიშებზე ინკასოს დადება და ანგარიშების გაყინვა. ყველა ეს ინიციტივა იქნება განხილული. ჩვენ შევთანხმდით ბიზნესთან, რომ ყველა ინიციტივას განვიხილავთ და უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით გადაწყვეტილებებით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.