reportiori.ge - გიორგი შარვაშიძე: ეს ცვლილებები უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში ბევრ პრობლებას გადაჭრის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:33
პრეს-დაიჯესტი
გიორგი შარვაშიძე: ეს ცვლილებები უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში ბევრ პრობლებას გადაჭრის
ავტორი:
18 იანვარი, 2016. 16:27


სიახლეები მეცნიერების, პედაგოგებისა და დოქტორანტების მხარდასაჭერად


2015 წლის დეკემბერში პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქამდე არსებულ არაერთ პრობლემა გადაჭრის. ცვლილებათა პაკეტზე რამდენიმე დღის წინ რექტორთა საბჭოზეც იმსჯელეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ვერსიასთან" ინტერვიუში იმ სიახლეებზე საუბრობს, რომლებიც მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მხარდასაჭერად გატარდება.



- ბატონო გიორგი, საკანონმდებლო ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული ძირითადად რა პრობლემების გამო გახდა აუცილებელი?

 

 

- ამ სფეროში, საკანონმდებლო კუთხით, ბევრი რამ იყო მოუწესრიგებელი. 2010 წელს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შემავალი კვლევითი ინსტიტუტები სხვადასხვა უნივერსიტეტში გადანაწილდა. რეალურად, გაერთიანება არ მომხდარა, პროცესი, მექანიკურად წარიმართა, გააზრებული არ ყოფილა რომელი ინსტიტუტი სად, რატომ უნდა ყოფილიყო, რატომაა კარგი მეცნიერისთვის აკადემიურ სივრცეში ყოფნა და ამ სივრცისთვის რა პოზიტივის მოტანა შეუძლია მეცნიერებას. მეცნიერის სტატუსიც საერთოდ არ არსებობდა.



- უსტატუსო მეცნიერებისთვის ალბათ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და გრანტის მოპოვებაც პრობლემა იყო.

 

 

- რა თქმა უნდა. აუცილებელი გახდა საკითხის მოწესრიგება, გარკვევა, ვინ არის მეცნიერი. გამოსაკვეთი იყო მეცნიერთა რანჟირება, კატეგორიები. ლეგიტიმურად არ არსებობდა სამეცნიერო საბჭოები, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრელი, რა თემატიკაზე იმუშავებს ესა თუ ის მეცნიერი თუ მეცნიერთა ჯგუფი. აქამდე ასევე არ მომხდარა მეცნიერების შესვლა სწავლებაში - მეცნიერ-თანამშრომელს, სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებას იმის უფლება და უნარიც არ ჰქონდა მიეღო დოქტორანტი, გაეზარდა მომავალი თაობა. დღეს უკვე, მეცნიერებს, სტატუსიც მიენიჭათ და დოქტორანტის ყოლის უფლებაც. გამოსაკვეთი იყო ასევე თვითონ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სტატუსები, დამოუკიდებლობის ხარისხი და უფლება-მოვალეობები. აქამდე, მეცნიერები არ იყვნენ წარმოდგენილნი არც აკადემიურ და არც წარმომადგენლობით საბჭოებში. ეს პრობლემაც აღმოიფხვრა. გაიწერა ისიც, როგორ უნდა მოხდეს სწავლებისა და კვლევის შერწმა. ანუ, კანონმა მოაწესრიგა ველი, რომელიც მანამდე იმდენად უცნაური იყო, რომ მისი მისი ანალოგი, მსოფლიოში არ არსებობს.  



- იურიდიული საკითხების მოგვარების გარდა, ამ მიმართულებით, რა ნაბიჯები გადაიდგა

 

 

- მხოლოდ იურიდიული საკითხის მოგვარება საკმარისი ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით ვითარების მოწესრიგება ჯერ კიდევ 2015 წლის 1 იანვრიდან დავიწყეთ - ამ სეგმენტის დაფინანსება დაახლოებით 300%-ით გაიზარდა. დაწესდა მეცნიერის ანაზღაურების ქვედა ზღვარი - 500 ლარი. ამის გარდა, მათ აქვთ საშუალება მოიზიდონ გრანტები და დამატებითი შემოსავალი. გაიზარდა „რუსთაველის სამეცნიერო ფონდის" დაფინანსებაც. უფრო სწორად, რეალურად გაჩნდა საშუალება, მათ ნამდვილად მოეზიდათ თანხა. სამწუხაროდ, წინა წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ ფონდის ბიუჯეტში ყოველთვის დიდი თანხები იყო გაწერილი, მაგრამ ფული მიზანმიმართულად არ იხარჯებოდა. გარდა ამისა, გაჩნდა ახალი მიმართულებებიც. მაგალითად, ახალგაზრდა მეცნიერების წახალისება. მათთვის სპეციალური პროგრამები მუშავდება, ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებები გაიყოფა, ახალგაზრდა მეცნიერი დამსახურებულ მეცნიერთან ერთად არ გავა კონკურსზე, რათა გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდეს. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ ახალგაზრდებს მეცნიერებაში წასვლის მოტივაცია ჰქონდეთ. ეს აუცილებელია, მითუმეტეს, რომ პოტენციალი გვაქვს. მაგალითად, ევროკავშირთან გაცვლითი პროგრამა „ერასმუს+", საქართველო, 2015 წლის მონაცემებით, მე-7 ადგილზე გავიდა. წინ კი, ისეთი დიდი ქვეყნები გვისწრებენ, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა... ეს იმის დამადასტურებელია, რომ საქართველოში პოტენციალი არსებობს და მას ხელშეწყობა ჭირდება.



- მეცნიერებაში ახალგაზრდების მოზიდვისა და ხელშეწყობისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების პოპულარიზაცია?

 

 

- ეს უმნიშვნელოვანესია და ამაზეც ვმუშაობდით. ეს საკითხი აქამდე მივიწყებული იყო. მეტიც, მეცნიერება, როგორც სპეციალობა, სპეციალურად თუ უნებლიედ, დაკნინებულიც კი იყო. ასეთ ფონზე, ალბათ ერთეულები თუ მოისურვებდნენ მეცნიერები გამხდარიყვნენ. ამ დარგის პოპულარიზაციისთვის ბევრი კონფერენცია და ღონისძიება ჩავატარეთ. ძირითადად, ორი მიმართულებით ვმუშაობდით. პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებში და პარტნიორების მოძებნა საზღვრებს გარეთ. ნოემბერში, თბილისში ჩატარდა მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული. ასეთი რამ რეგიონის მასშტაბით პირველად მოხდა. ასზე მეტი კონფერენცია, სემინარი თუ გამოფენა მოეწყო სხვადასხვა რეგიონში. ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება, თავისი გამოგონებები, იდეები გაესაჯაროებინათ. ყველაფერი კეთდება, რომ მათ განვითარების საშუალება მიეცეთ და მეცნიერებაში წასვლის სურვილი გაუჩნდეთ. მატერიალურ-ტექნიკური, კვლევითი ბაზების, ლაბორატორიების დაფინანსებაც გაიზარდა, რომ საკუთარი იდეები განახორციელონ. ამის საუკეთესო მაგალითი, თუნდაც ფიზიკის განახლებული ინსტიტუტია, რომელიც მგონი 50 წელი არ გარემონტებულა. სხვათაშორის, ამ მიმართულებით, მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ მუშაობს. აქტიურად ვთანამშრომლობთ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან. საუნივერსიტეტო სივრცეში უნდა გაჩნდეს ადგილები, სადაც ბავშვებს ექნებათ საშუალება თავი გამოსცადონ, იდეები წარადგინონ... ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მაგალითად ილიას, ტექნიკურ და თბილისის, ქუთაისში სახელმწიფო უნივერსიტეტებში. დიდ ქალაქებში ყველგან იქნება საინოვაციო და ფაბრიკაციების ლაბორატორიები. თანაც, აქ მისვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ტექნოკპარკი, რაც ასევე წინგადადგმული ნაბიჯია.



- უცხოელი პარტნიორები ახსენეთ. საერთაშორისო დონეზე, ძირითადად რომელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობთ?

 

 

- პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მართლაც მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, მეცნიერება თავისი არსით, საერთაშორისო სფეროა. ხელმოწერა და ფორმალური ნაწილია დარჩენილი და საქართველო, გახდება „ჰორიზონტ 2020"-ის ასოცირებული წევრი. ეს ევროკავშირის, 80-მილიარდევროიანი პროგრამაა, რომელიც ჩვენ მეცნიერებს საშუალებას მისცემს, მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო კვლევებში. საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ ჩამოსული, რომლებმაც  ადგილობრივ გუნდთან ერთად შეისწავლეს, რა მდგომარეობაშია ჩვენი მეცნიერება. ბიბლიომეტრიამ დაგვიდასტურა, რომ არის მიმართულებები, სადაც მეცნიერება,  ცენტრალური თუ აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით მაღალ დონეზეა. ეს არის ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების ნაწილი. ამ მიმართულებებს ხელი განსაკუთრებულად უნდა შევუწყოთ.



გერმანიაში იულიხის ცენტრთან ვთანამშრომლობთ. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ გვქონდეს ერთობლივი სადოქტორო პროგრამები. ახალგაზრდა აქ ისწავლის დოქტურანტურაში, ერთი კვლევითი წელი კი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ასევე ეყოლება სამეცნიერო ხელმძღვანელი. საბოლოოდ, ის  2 დიპლომს, ორ _ გერმანულ და ქართულ სადოქტორო ხარისხს მიიღებს. შემდეგ დაბრუნდება საქართველოში. აქ შეიქმნება სპეციალური ლაბორატორია, სადაც თავისი მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას და გარშემო სხვა ახალგაზრდებსაც შემოიკრებს.



- მეცნიერების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია დოქტორანტების დაფინანსებაც...

 

 

 - ახალგაზრდა დოქტორანტების პროგრამის ფარგლებში, „რუსთაველის ფონდიდან", სადოქტორო საფეხურზე ნიჭიერი დოქტორანტები (200-ზე მეტი) უკვე დაფინანსდა და და კვლავ გაგრძელდება. თითოელისთვის მაქსიმალური გრანტი 21 ათასი ლარია.



- საკანონმდებლო ცვლილებები პედაგოგებსაც შეეხო. მასწავლებელთა კადრების მომზადებაში რა სიახლეა

 

 

- ამ კუთხით სიახლეა 300-კრედიტიანი, 5-წლიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებელს სკოლისთვის ახლებურად მოამზადებს. ეს საინტერესო მოდელია - ბაკალავრიატში ჩაშენებულია მაგისტრატურა. ბაკალავრიატის პირველივე წლიდან, სწავლებაში დიდი დოზით შემოდის სასკოლო პრაქტიკა. ახალგაზრდამ უნდა გამოცადოს თავი სკოლაში. გარდა ამისა, უნდა ნახოს საქართველოში არსებული სკოლების მთელი პალიტრა - კერძო, საჯარო, მაღალმთიანი რეგიონის, ბილინგური თუ ისეთი სკოლები, სადაც ინკლუზიური სწავლებაა. პირველი 4 წელი, კრედიტების დაახლოებით მესამედი იქნება გამოყოფილი სასკოლო პრაქტიკისთვის.  ბოლო სამაგისტრო წელი კი იქნება საკლასო, დამოუკიდებელი კვლევა, სამაგისტრო ნაშრომის დაცვა... სწავლის დასრულების შემდეგ, სტუდენტი მიიღებს განათლების მაგისტრის წოდებას, შევა ახალ სქემაში, რომელსაც ვახვედრებთ სკოლებში და თანაც  მესამე საფეხურზე, სადაც ანაზაღაურებაც საკმაოდ მიმზიდველია. ეს იმისთვის კეთდება, რომ სკოლაში კვალიფიციური კადრი მოვიზიდოთ. მასწავლებელთა ხელფასი კი, კიდევ გაიზრდება. ჩვენი მიზანია, პედაგოგის ანაზღაურება, საბიუჯეტო სექტორში არსებული ანაზღაურების მედიანაზე მაღალი იყოს. ამ სექტორში დასაქმების პრობლემაც არ უნდა შეიქმნას. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, სად რა სახის ნაკლებობაა, 5-10 წელში რა საჭიროების წინაშე დავდგებით...



- პედაგოგების მომზადების ახალი პროგრამის განსახორციელებლად ლექტორების გადამზადება გახდა საჭირო?

 

 

- ზოგადად, ლექტორების გადამზადება პერიოდულად აუცილებლად უნდა მოხდეს.  ლექტორების კორპუსი არსებობს, თუმცა მათი რაოდენობა დიდი არაა, რადგან სამწუხაროდ, განათლების მიმართულება დაკნინებული იყო. თუმცა არის პოტენციალი. ვვარაუდობთ, რომ განათლების სკოლები თავდაპირველად ამუშავდება ორ უმაღლეს სასწვალებელში - თბილისის სახელმწიფო და ილიას უნივერსიტეტებში. პარალელურად, რეგიონული უნივერსიტეტების კონსორციუმი შეიქმნება, რომელთა მთავარი ამოცანა იქნება, მეტად გადაეწყონ რეგიონების საჭიროებაზე.... კიდევ ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. მაგალითად, საზღვაო მიმართულების პროფესია გახდა რეგულირებადი; საღვთისმეტყველო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მიეცათ შიდამობილობის საშუალება. გარკვეული ცვლილებები უკავშირდება წამყვან, უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებთან თუ კვლევით ცენტრებთან ერთობლივ პროგრამებს, რომლებიც ჩვენმა სასწავლებლებმა უნდა განახორციელონ. ამ ცვლილებებზე რექტორთა საბჭოზეც ვიმსჯელეთ. რექტორებთან კონსულტაციის შედეგად გადავწყვიეტეთ, რომ მოვაწყობთ დიდ კონფერენციას, რომელიც სავარაუდოდ თებერვლის პირველ რიცხვებში ჩატარდება. ძალიან გვინდა, თვალსაჩინოებისთვის, ტექნოპარკის ტერიტორია გამოვიყენოთ. ეს იქნება ერთდღიანი კონფერენცია, სადაც სამოქმედო გეგმას შევიმუშავებთ და უკვე იმპლემენტაციის რეჟიმში გადავალთ. 




წყარო: გაზეთი: „ვერსია", ნინო ლურსმანაშვილი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016