ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და სტენფორდის უნივერსიტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრის ძალისხმევით, საქართველოში ლიდერთა განვითარების აკადემია დაარსდა. აკადემიის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და მონაწილეობა მიიღო ლიდერთა ფორუმის ფარგლებში გამართულ სადებატო სესიაში- „დემოკრატიის ძიებაში."
პრემიერ-მინისტრმა პროგრამის განხორციელებისთვის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დამსწრეთ საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტები გააცნო.
სიტყვით გამოსვლისას, გიორგი კვირიკაშვილმა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ბიუროკრატიული დაბრკოლებების აღმოფხვრის აუცილებლობაზე, ბიზნესის მხარდასაჭერ პროგრამებსა და ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდების წახალისების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დეკემბერში, როცა ჩემი კანდიდატურა დამტკიცდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მე განვაცხადე, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია ეკონომიკური განვითარება, რომელიც ხელს უწყობს მეწარმეობის სულისკვეთებას და ბიზნესებისთვის ბიუროკრატიული დაბრკოლებების აღმოფხვრა. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა. ვთვლი, რომ მეწარმეობის სულისკვეთების წახალისების გზით ჩვენ შევძლებთ საქართველოს ტრანსფორმირებას. ხშირად ვაწყდებით სიტუაციას, როცა არსებული ბიზნესები სწრაფად ვითარდებიან, მაგრამ დამწყები ბიზნესები ვერ იზიდავენ ფინანსებს თავიანთი იდეების განსახორცილებლად. ამ პრობლემის გადასაჭრელად და დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად ჩვენ წამოვიწყებთ ახალ პროგრამებს. ჩვენ დავუთმობთ მნიშვნელოვან რესურსებსა და ენერგიას ახალი ბიზნესების მხარდაჭერასა და ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდების წახალისებას და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყოველივე ეს გააძლიერებს საშუალო ფენას და ქართველ ახალგაზრდებს უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებით,"- განაცხადა პრემიერმა.