ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით „Prime Time"-ს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ესაუბრა. აბდალაძე იმედოვნებს, რომ „ადრე თუ გვიან ყველაფერს ნათელი მოეფინება":
„ჩვენ შეგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქმე გამოიძიება! წარმოდგენა არ მაქვს გრიფის საქმე რა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ზოგჯერ ვხუმრობ კიდეც, გრიფი კი არა, ჯადო ადევს-მეთქი. ჯერაც ვერ ვხსნი რაღაცეებს. მაგრამ იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, ყველაფერს ნათელი მოეფინება. ვერ ვხვდები იმას, ამდენი დრო რაში დასჭირდათ... სიმართლე გითხრათ, ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ მოლოდინის გარდა არაფერი დაგვრჩენია", - ამბობს აბდალაძე.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეუძლია საზოგადოებას შეპირდეს - უახლოეს მომავალში "ფოტოგრაფების საქმეზე" არსებულ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი:
"ეს საქმე არის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის წარმოებაში. ჩვენ საქმეს გრიფი არ ადევს, გრიფი ადევს ძველ საქმეს. მე შემიძლია საზოგადოებას შევპირდე, რომ უახლოეს მომავალში ამ საქმეზე არსებულ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, მათ შორის რის საფუძველზე და რა გარემოებების საფუძველზე მოხდა ფოტოგრაფების ბრალდება ჯაშუშობისთვის", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მოამზადა სოფო ხუგოიანმა
წყარო: Prime Time