პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ მთავრობისთვის შეთავაზებულ ინიციატივებთან დაკავშირებით, „აფბა"-ს თავმჯდომარე შოთა გულბანმა ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ოთხივე ინიციატივა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა მათავრობის სხდომაზე გააჟღერა, არის მისასალმებელი და ამავე დროს, უფრო სიღრმისეულად გასააზრებელი:
„სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ზოგადი ტერმინებია და ხშირად ლოზუნგებად გვევლინება ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან წინასაარჩევნო დაპირებების დროს, შემდგომ რამდენად ეფექტურად ართმევენ ხოლმე თავს ამ პრობლემების მოგვარებს - ცალკე მსჯელობის საგანია. თუმცა, მზა რეცეპტი, უმუშევრობის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს. ეს არის კომპლექსური საკითხები, რომელთა გადაჭრასაც მრავალი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული რეფორმების განხორციელება განაპირობებს. ერთ-ერთი საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ეკონომიკის სტიმულირებისთვის, არის გადასახადების მაქსიმალურად ლიბერალიზაცია. შეიძლება ჩვენ მსოფლიოში იდეალურ საგადასახადო სისტემას ვერ შევხვდეთ, თუმცა იდალურთან ახლოს მყოფად განიხილავენ ესტონურ მოდელს, რომლის გარკვეული ელემენტების დანერგვაც იგეგმება ჩვენს საგადასახადო სისტემაში. კერძოდ, საუბარია მოგების გადასახადის ესტონური მოდელით ჩანაცვლებაზე, რაც გულისხმობს რეინვესტირებული მოგების დაბეგვრისგან განთავისუფლებას, ეს კი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბიზნესის განვითარებისა. მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა გამოინახოს გზები, სხვა სახის გადასახადების შესამცირებლად.
ამას გარდა, ხშირად ნახევარი წელი გრძელდება ბიზნესის შემოწმება, რაც ბუნებრივია მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია ბიზნესის ფუნქციონირებისთვის და თუ რეალურად გადაიდგმება ის ნაბიჯები, რაც მკაფიოდ რეგლამენტირებულ ჩარჩოში მოაქცევს შემოწმებებს, ბუნებრივია ესეც დიდი შვება იქნება ბიზნესისთვის.
აქვე იყო სხვა კომპონენტებიც, საიდანაც მნიშვნელოვნების ხარისხით გამოვყოფდი სტარტაპების დაფინანსებას, რაც შეიძლება ითქვას, რომ დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა. სტარტაპისთვის ფინანსების მოძიება დღეს თითქმის შეუძლებელია საბანკო არხით. თუ გამოინახება რაიმე გზები იმისთვის, რომ სტარტაპებისთვის შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომლის დაფინანსების ძირითადი წყარო იქნება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ისე უცხოური გრანტები და მსხვილი კომპანიები, პლიუს ამას თუ სტარტაპი პირველი ორი წელი გათავისუფლდება გადასახადებისგან, ჩავთვალოთ, რომ ეს იქნება უდიდესი საფუძველის ჩაყრა საქართველოში აქტიური და ცოცხალი ბიზნეს გარემოს ფორმირებისა, რაც რამოდენიმე წელიწადში მოიტანს ხელშესახებ შედეგებს", - ამბობს გულბანი.
შოთა გულბანის თქმით, თუ როგორ მოხდება მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბიზნესის ჩართულობის გაზრდა, ამას დრო გვიჩვენებს:
„რეგიონების განვითარებას რაც შეეხება, ცალსახად მისასალმებელია ეს ინიციატივაც, ვინაიდან თბილისი არ უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკური თავკომბალა, სადაც მთლიანი ეკონომიკური ბრუნვების უდიდესი ნაწილი მოდის. ეს არ არის მისასალმებელი ტენდენცია, ვინაიდან ქვეყანა არ ვითარდება პროპორციულად, მხოლოდ თბილისი არ უნდა ქმნიდეს ეკონომიკურ ამინდს, რეგიონებიც უნდა იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში. ეს კი დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებასთან, ადგილობრივი მაცხოვრებელი თემების ეფექტური გაერთიანებების ჩამოყალიბებასთან, მაგალითად ისეთი როგორიცაა კოოპერატივი, რაც თავისი შინაარსით საკმაოდ სასარგებლოა მასში გაერთიანებული წევრებისთვის. ისევ და ისევ საკანონმდებლო და საგადასახადო ლიბერალიზაცია იქნება ყველაზე დიდი შვება რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის. როდესაც რეგიონში ადამიანი ბიზნესს იწყებს, ისედაც უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ხოლმე - ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, კომპეტენციის სიმწირე, გარემო პირობები და კიდევ ემატება გაუსაძლისი საგადასახადო წნეხი. ამ პირობებში კი შეუძლებელია ბიზნესი რეგიონში განვითარდეს. ამიტომ საჭიროა კვირიკაშვილის მთავრობამ, ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები გადადგას და გამონახოს გზები გადასახადების შესამცირებლად", - განაცხადა შოთა გულბანმა.
მან პრემიერის მეოთხე ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც განათლების სისტეემის რეფორმირებას გულისხმობს:
„ამ საკითხში, ვფიქრობ, სადავო არაფერია, ვინაიდან ქვეყნის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების გარანტი მხოლოდ განათლებული და კვალიფიციური კადრია. დღეს ჩვენი საჯარო სკოლები ვერ უზრუნველყოფენ მოსწავლისთვის შესაბამისი საბაზისო ცოდნის გადაცემას. კერძოდ, თითქმის ყველა აბიტურიენტს კერძო მასწავლების დაქირავება სჭირდება, იმისთვის, რომ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძოს სწავლა, ანუ საჭიროა მასწავლებლების მოტივირება ფინანსურად, ასევე მათი პროფესიული გადამზადება, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმეს.
ცალკე საკითხია უმაღლესი სასწავლებლებიც, რომლებიც ვერ აგზავნიან შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან სამუშაო ძალას, რაც მთელ რიგ ფაქტორებზე არის დამოკიდებული. საჭიროა ძირეული გარდაქმნები უნივერსიტეტებში. ასევე ბევრი სიკეთის მომტანი იქნება პროფესიული სასწავლებლების არსებობა. არ უნდა ხდებოდეს ამგვარად - ყველა უმაღლესში აბარებდეს და ხშირ შემთხვევაში გაუაზრეებლად კარგავდეს 4 წელიწადს, მაშინ როცა შეესაძლებელია 2 წელიწადში კონკრეტული ხელობა შეისწავლოს და უმალ დასაქმდეს, ან თუნდაც თავისი მცირე ბიზნესი წამოიწყოს!", - განაცხადა გულბანმა.