BPN-ის ცნობით, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ თურქეთიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ე.წ მთავრობამ იმ პროდუქტების სია დაამტკიცა, რომელთა იმპორტიც 2016 წლის 1-ელი მარტიდან შეიზღუდება. შესაბამისი ბრძანება დე - ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრემიერ-მინისტრმა არტურ მიკვაბიამ გასცა.
„საუბარია თევზზე, თევზის ხორცსა და თევზის ფქვილზე, ასევე კარტოფილზე, პომიდორზე, ხახვზე, კომბოსტოსა და კიტრზე. რაც შეეხება ხილს, შეზღუდვა შეეხება ციტრუსს, ყურძენს, ნესვს, საზამთროს, ვაშლს, მსხალს, პაპაიას, კომშს, გარგარს, კენკრას, ატამს, ქლიავსა და კვრინჩხს. აკრძალვა არ შეეხება პირადი მოხმარების მიზნით იმპორტირებულ პროდუქციას", - ნათქვამია დე - ფაქტო მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტში აცხადებენ, რომ დაშვებული იქნება პირადი მოხმარების მიზნით 50 კილოგრამამდე საკვები პროდუქციის იმპორტი.
დე-ფაქტო აფხაზეთი რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს გასულ კვირას შეუერთდა. ე.წ მთავრობაში აცხადებენ, რომ აფხაზეთისთვის ამას უარყოფითი გავლენა ექნება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იყო რუსეთთან გაფორმებული „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების" გამო.