საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ კოალიციის შემადგენლობა ძირითადად შენარჩუნებული იქნება. თუმცა, მისივე აზრით, თუ რომელიმე სუბიექტს თავის რეიტინგზე მეტი მანდატების სურვილი აქვს, შეიძლება დაპირისპირება მოხდეს.
„მე სურვილი მაქვს, ეს პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს. პარალელურად, უნდა მოხდეს ჩვენი პარტიის მაჟორიტარული და პროპორციული სიისთვის კანდიდატების შერჩევაც. მე პირადად, სიაში ვიქნები თუ არა, არ ვიცი. მაჟორიტარი ორჯერ ვიყავი. ბუნებრივია, პროპორციულ სიაში ყოფნა მირჩევნია, რადგან, ასე უფრო მარტივია. თუმცა, სადაც პარტიას დავჭირდები, იქ ვიქნები",- განაცხადა მეჭიაურმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.
მისივე თქმით, პარლამენტში ფინანსისტების დეფიციტია, ამის მიზეზი ისაა, რომ 2012 წლამდე ფინანსისტები სხვადასხვა ადგილას მუშაობდნენ და ივანიშვილის გვერდით დადგომა ვერ გარისკეს.
„ვინც გარისკა და რა არჩევანიც გვქონდა, სია იმათაგან დაკომპლექტდა. მომავალი არჩევნებისთვის სია აუცილებლად უნდა გადახალისდეს და ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის საჭირო რაოდენობის პროფესიონალი გვყავდეს. ამ ადამიანებს ხალხიც უნდა იცნობდეს, რომ აირჩიონ. არჩევნებს მხოლოდ ბატონი ივანიშვილის ავტორიტეტით ვერ მოვიგებთ, მას ზურგს კანდიდატების ავტორიტეტიც უნდა უმაგრებდეს",-აღნიშნა მეჭიაურმა.