ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის კახა კალაძის ინფორმაციით, „გაზპრომთან" მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი დღეს ავსტრიაში გაიმართება. განცხადება კალაძემ გადაცემა „არჩევანში" გააკეთა.
„მომდევნო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება. შეხვედრაში მე მივიღებ მონაწილეობას და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ჩამოვიტანოთ ის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დარგისთვის იქნება მისაღები და მნიშვნელოვანი. შეხვედრაზე არ იქნება ბატონი მილერი და როგორც ვიცი, იქნება ქალბატონი ბურმისტროვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაგაცნობთ დეტალებს, თუ რა თემაზე იყო და როგორ დასრულდა მოლაპარაკება.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, გაზის ფასის ზრდა არ არის მოსალოდნელი. თქვენ იცით, ტენდენცია როგორია, როგორ ეცემა ნავთობის ფასი და გარკვეული თვეების განმავლობაში ბუნებრივი აირის ფასიც მისდევს ვარდნას ნავთობისა და ამ ეტაპზე მე გამოვრიცხავ, რომ ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდოს", - განაცხადა კალაძემ.