პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ პარლამენტში პროფესიონალების ნაკლებობაა და მაგალითად გუნდში ფინანსისტების ნაკლებობა მოჰყავს. მისი თქმით, 2012 წლის არჩევნებში პროფესიონალმა ფინანსისტებმა ვერ გარისკეს ბიძინა ივანიშვილის გვერდით დადგომა, რადგან არ იცოდნენ, არჩევნები რა შედეგით დასრულდებოდა. ამ თემაზე მეჭიაურმა გადაცემა „20/30"-ში ისაუბრა.
„2012 წლის არჩევნებისთვის, ბევრ შემთხვევაში არასწორად იყო შერჩეული როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული სიები. მაჟორიტარების შერჩევა კიდევ უფრო უკეთესად შეიძლებოდა და ამით შეგვეძლო, მეტი მანდატი მოგვეპოვებინა. მაშინ ფორსმაჟორულ გარემოში ხდებოდა ყველაფერი, ახლა კი გავითვალისწინებთ ყველა დეტალს. პარლამენტში ბევრი ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს შეჰყვა. ჩვენს კომიტეტში არის ფინანსისტების დეფიციტი, ეს იმის ბრალია, რომ კარგი ფინანსისტები დაკავებულები იყვნენ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. მათ არ გარისკეს და არ დაუდგნენ ბიძინა ივანიშვილს გვერდით. უმეტესობა ელოდებოდა შედეგს, როგორ დამთავრდებოდა 2012 წლის არჩევნები. ვინც გარისკა და გვერდით დაუდგა ბატონ ბიძინას, გუნდი იმ ადამიანებით დაკომპლექტდა", - ამბობს მეჭიაური.
მოამზადა სოფო ხუგოიანმა
წყარო: „GDS"