საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადად 27 იანვარი განისაზღვრა.
ამ შეთანხმებას დარგის ექსპეტრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრაზე მიაღწიეს, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართა.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. პროცესს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უძღვება.
შეთანხმების შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტებს კანდიდატურის წარდგენის ვადა 27 იანვრამდე აქვთ. 27 იანვარს ექსპერტებს გადაეგზავნებათ კონკრეტული კანდიდატურები და ამ დღიდანვე დაიწყება შეფასების პროცედურა და როგორც გიორგი აბაშიშვილი ვარაუდობს, პირველი ეტაპი ამ ნაწილში სწრაფად დასრულდება.
ამის შემდეგ, ექსპერტების მიერ დასახელებულ კანდიდატებს პრეზიდენტი განიხილავს, შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს.
„სხვა საკითხებთან ერთად დღევანდელ შეხვედრაზე ჩამოვყალიბდით, კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმებზე - ეს არის განათლება, პროფესიული გამოცდილება და პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.