ევროპარლამენტმა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე რეზოლუციის პროექტი გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სასამართლო სისტემა შესაძლოა გამოყენებული იყოს პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის.
რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს განხორციელებულ რეფორმებს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო სტრუქტურების სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების მიზნით, ასევე მიესალმება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს რეფორმები არასაკმარისია.
„ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მოსამართლეების შერჩევა გამჭვირვალედ, მათი დამსახურებიდან გამომდინარე და შეცვალოს მოსამართლეებისთვის სამწლიანი გამოსაცდელი ვადის სისტემა. ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე, ფაქტებზე დაფუძნებული, პროპორციული და თავისუფალი პოლიტიკური მოტივაციისგან.
ევროპარლამენტი კვლავ შეშფოთებულია პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის გამო და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო, რომლის მიხედვით ნიშნავენ პროკურორებსა და გამომძიებლებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს სასამართლო სისტემაში, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე ახლად შექმნილ უსაფრთხოების სამსახურში სრული დამოუკიდებლობა, ეფექტურობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი და მოუწოდებს საქართველოს, გამოიჩინოს პოლიტიკური ნება ამ ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებისთვის მექანიზმის შესაქმნელად.
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ყოფილი მთავრობების ჩინოვნიკებისა და მოქმედი ოპოზიციის წევრთა დაპატიმრება შესაძლოა შეიცავდეს შერჩევითი სამართლის ნიშნებს. ევროპარლამენტი ასევე, შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სასამართლო სისტემა შესაძლოა გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის, რამაც შეიძლება, საქართველოს ევროპულ კურსს და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების სფეროში ძირი გამოუთხაროს.
ევროპარლამენტი საქართველოსთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) შეთანხმებებზე დღეს იმსჯელებს, 21 იანვარს კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს უყრის კენჭს.