საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილია სესიაზე - Eurasia and the Modern Silk Road.
გიორგი კვირიკაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს „მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში", სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები, დაესწრება სამუშაო შეხვედრებს სახელწოდებით, „შეხვდი ევროკომისიას" და „მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია: ევროპის ახალი დღის წესრიგი".
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რიგით 46-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად დავოსში 20 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან პირისპირ შეხვედრებსაც მართავს.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, შვეიცარიას 22 იანვარს დატოვებს.