ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე „გაზპრომთან" მოლაპარაკებების საკითხზე სასაუბროდ პარლამენტში არ მივა.
„თქვენი 2016 წლის 15 იანვრის N256/3-16 წერილის პასუხად, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობასა და სს „გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების 2016 წლის 21 იანვარს დაგეგმილ გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის დასწრებას, გაცნობებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ბატონი კახა კალაძე, გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა და დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამო, ვერ დაესწრება საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას", - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობისთვის" გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე აწერს.
ენერგეტიკის მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და აღნიშნული თემის უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვა, რასთან დაკავშირებითაც პარტიამ ენერგეტიკის სამინისტროს 15 იანვარს მიმართა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისთვის" სამინისტროს მიერ გაგზავნილ საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ კახა კალაძე პარლამენტში მისვლას გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ შეძლებს.