„ქართული ოცნება" გარდაბნის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად განიხილავს გარდაბნის არჩევნებში კანდიდატის მოხსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილების გახმოვანებისთვის ნიადაგის შემზადებას ემსახურებოდა ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის მიერ სრულიად ალოგიკურ დროს, არჩევნებამდე 8 დღით ადრე გავრცელებული განცხადება გარდაბნის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ.
განცხადებაში ნათლად იკითხება მისი რეალური მიზანი, ხელოვნური ახსნა მოუმზადოს „ნაციონალური მოძრაობის" მიერ კანდიდატის მოხსნას. კანდიდატის მოხსნის რეალური მიზეზია ის გარემოება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გარდაბანში ვერ ახერხებს ამომრჩეველთა ხმების მეტ-ნაკლებად სოლიდური რაოდენობის მიღებას. გარდაბნის არჩევნების შედეგები ცხადყოფს იმ სოციოლოგიური კვლევების სიყალბეს, რომელთა თანახმად, „ქართული ოცნების" რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა" რეიტინგის სტაბილურად შენარჩუნებას ახერხებს", - ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში 22 იანვარს გაიმართება ბრიფინგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.