დებატები ევროპარლამენტში საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების იმპლემენტაციის საკითხზე - პლენარულ სესიაზე დეპუტატებმა საკუთარი ხედვა წარადგინეს და შეაფასეს ის პროგრესი, რომელსაც სამივე ქვეყანამ რეფორმების გზაზე მიაღწია.
ევროდეპუტატი ანა ელჟბეტა ფოტიგის თქმით, სამივე ქვეყანაში უვიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს რაც შეიძლება სწრაფად. მისივე განცხადებით,რუსეთი კვლავ წარმოადგენს დესტაბილიზაციის ფაქტორს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის.
სიტყვით გამოვიდა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე კარიმ საჯადიც. მისი თქმით, საქართველომ კარგი შედეგები აჩვენა საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში. დეპუტატმა განაცხადა, რომ რეგიონში უარყოფითი ეკონომიკური ტენდენციების მიუხედავად, ევროკავშირში ქართული პროდუქციის იმპორტი 15%-ით გაიზარდა.
კარიმ საჯადის თქმით, საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
კომენტარი გააკეთა ევროდეპუტატმა პეტრას აუსტრევიჩუსმაც და მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და პატივი სცეს კონსტიტუციური და სხვა სასამართლოების დამოუკიდებლობას. მისივე განმარტებით, რუსეთი ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების დადებას იმის გამო ეწინააღმდეგებოდა, რომ დემოკრატია და კანონის უზენაესობა კონტრასტშია იმ სიტუაციასთან, რომელიც დღეს რუსეთში არსებობს.