სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც სამინისტროში გაიმართა, სასჯელაღსრულების სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს. შეხვედრაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ ხულორდავაც მონაწილეობდა. ყურადღება გამახვილდა მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო და პენიტენციური ჯანდაცვის პროგრამებზე, ასევე, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადებისა და სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ მათი დასაქმების პერსპექტივებზე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ არაადამიანური მოპყრობა უმოკლეს დროში აღმოფხვრა.
მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, ქართული მხარისთვის საინტერესოა, ის წარმატებული პროგრამები და რეფორმები, რომელიც დიდ ბრიტანეთში სასჯელაღსრულების სფეროში წლებია ხორციელდება.
„ჩვენს სისტემაში რეფორმები მუდმივად ტარდება. ამ პროცესში ბრიტანეთის მაგალითი ძალიან საინტერესოა, მხედველობაში მაქვს კერძო ციხეების, პატიმრების დასაქმებასთან და მსჯავრდებულთა თავისუფლებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. ბრიტანეთში მსგავსი სახის პროგრამების განხორციელების სერიოზული გამოცდილება აქვთ", - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა.
ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ დადებითად შეაფასა სასჯელაღსრულების უწყებაში გატარებული რეფორმები და მიღწევები. ელჩი სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებითაც დაინტერესდა. მან განმეორებითი დანაშაულის რიცხვის კლებაზეც გაამახვილა ყურადღება და მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების დადებით მხარეებზეც ისაუბრა.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუშაობას გამუდმებით ვადევნებ თვალყურს. ვიცი, რომ ძალიან დიდი შრომა ჩაიდო პენიტენციურ სისტემაში არსებული პირობების გაუმჯობესებისთვის. ძველ და ახალ გარემოებებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ მინისტრის სურვილია დაეხმაროს პატიმრებს სასჯელის შემსუბუქებაში, უზრუნველყოს მათთვის საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამები და სამედიცინო მომსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია გათავისუფლების შემდეგ პირის საზოგადოებაში ჯანსაღი ინტეგრირება", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.
მხარეებმა გამოცდილების გაზიარებასა და სამომავალო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.