უვიზო მიმოსვლის პროცესის ამოქმედებამდე რამდენიმე თვეა წინ. ცნობილი ხდება, რომ უახლოეს დღეებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი სპეციალური კომისიისგან პასუხს ელოდება იმისათვის, რომ დაიწყოს ევროპარლამენტში საკანონმდებლო მოქმედებები.
"უახლოეს პერიოდში ველოდები კომისიის მხრიდან გააწყვეტილებას, საჭირო საკანონმდებლო მოქმედებისთვის. საქართველომ უკვე შეასრულა თავისი საშინაო დავალება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა მხარისგან იყოს თანხმობა ამ მიმართულებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად,"- განაცხადა იოჰამეს ჰანმა.
ვროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. ჰანს მიაჩნია, რომ არჩევნები იქნება ტესტი დემოკრატიისთვის.
"მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმები კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით, ეს დაკავშირებულია ინვესტორების სურვილთან, განახორციელონ მეტი ინვესტირება ქვეყანაში. გვჯერა, რომ საქართველო აგრძელებს ამ მიმართულებით სვლას და ასევე ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები არ გამოიწვევს გართულებებს, ის იქნება ტესტი დემოკრატიისთვის, მინდა დავარწმუნო ყველა პარტია, არგუმენტირებული პოლიტიკური დებატების და დისკუსიების აუცილებლობაში,"- განაცხადა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.
ევროკომისარმა ჟურნალისტებთან ეს განცხადებები დავოსში გააკეთა, სადაც ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმს საქართველოს პრემიერმინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად ესწრება. გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ორმხრივი შეხვედრები გამართა და აბრეშუმის ფორუმის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
დავოსში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკოც, რომელიც ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია უკრაინისთვის ბრწყინვალე პერსპექტივაა.
"იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც არსებობს მსოფლიოში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით აუცილებელია, გაერთიანება იმ ქვეყნების, რომლებსაც შეუძლიათ ადექვატური რეაგირება ტერორიზმზე, ასევე რუსეთის აგრესიაზე და ეკონომიკურ გამოწვევებზე. მისასალმებელია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციამ მხარი დაუჭირა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის რეფორმებს, რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, დაიმახსოვრეთ, რომ ეს უკრაინისთვის და საქართველოსთვის ბრწყინვალე პერსპექტივაა,"- განაცხადა პოროშენკომ.