საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, 2030-ში კახა ცხადაძის ბრალდებებს პასუხობდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ცხადაძემ ურთიერთობის ძალიან ცუდი ფორმა აირჩია და მასთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებს.
"წლების მანძილზე, ხელფასი ფიქსირებული იყო და მასზე ნაკრების რეიტინგი და მიღწეული შედეგები არანაირად არ აისახებოდა. როცა დღეს ანონსდება, რომ გაპარტახებული, დემორალიზებული ინტრიგებით სავსე ნაკრები ჩაიბარეს. მაინტერესებს, იმ ნაკრების მწვრთნელს ორჯერ მეტი ხელფასი რომ ჰქონდა, იმაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს?! ყველამ ყველაფერი იცის და არავინ ლაპარაკობს. მწვრთნელებმა ფეხბურთიდან ათობით მილიონი წაიღეს და ბავშვთა და რეგიონალური ფეხბურთის განვითარებაზე თითო აგური არ დადებულა. გამოდიან მერე და სახელმწიფოს აშანტაჟებენ". - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
სპორტის მინისტრმა 2030-ში სტუმრობისას აღნიშნა, რომ თავიდანვე უარი თქვა მწვრთნელისთვის დაახლოებით 120 ათასი ლარის გადახდაზე, რადგან თვლის, რომ შედეგიდან გამომდინარე ქართული ფეხბურთისთვის ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა.
"სახელმწიფომ ეს არ უნდა გააკეთოს. ფედერაციას ალტერნატიული წყაროები აქვს და თუ საჭიროდ ჩათვლიან, ნება იბოძონ, თანხები მოიძიონ, დააფინანსონ და პასუხისმგებლობა აიღონ. ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი, ეს ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია. თუ ისინი ხელფასზე შეთანხმდებიან, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს" - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
სპორტის მინისტრმა ასევე უარყო ის ინფორამცია, რომლის მიხედვითაც მას მწვრთნელის საკუთარი კანდიდატურა ჰყავს.