ევროპულ და ევროატლანტკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველომ ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესრულების კუთხით ძალიან მაღალი შეფასებები მიიღო.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასოცირების შეთანხმება, რომელიც უკავშირდება საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, განხილულ იქნა ევროპარლამენტის მიერ. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ძალიან მაღალი შეფასებები დაიმსახურა ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესრულების თვალსაზრისით. ეს შეეხებოდა ევროპარლამენტის ყველა ჯგუფს, რომელმაც დებატებში მიიღო მონაწილეობა და ეს პროცესი შეაფასა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა უვიზო მიმოსვლის მიზნით, ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესმა. აქ მინდა გამოვყო ევროკომისარის შეფასება, რომელმაც განაცხადა, რომ ამ თვალსაზრისით საქართველო იმაზე ბევრად შორს წავიდა, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით იყო განსაზღვრული, მათ შორის სწორედ სასამართლოს, პროკურატურისა და შსს-ს რეფორმირების კუთხით, ანუ საქართველომ დასახულ გეგმებზე მეტი შეასრულა გასულ წელს. თავისთავად, მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში აისახა საქართველოს რეგიონების ოკუპაცია რუსეთის მიერ, აისახა ის, რომ რუსეთი მის მეზობელ ქვეყნებში პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მონაწილეობს გაყინულ თუ მოქმედ კონფლიქტებში და მოუწოდა მას, რომ არ მიიღოს მონაწილეობა და არ შეაფერხოს ამ ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია. რეზოლუციაში ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა და მოხდა მოწოდება, რომ დროულად ამოქმედდეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ევროკომისიის და შესაბამისი ევროპული ინსტიტუციების მიერ, რათა ეს დამსახურებული სარგებელი საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საუბარია 2015 წელს საქართველოში მიმდინარე მოვლენების ასოცირების კონტექსტში შესრულების კუთხით არსებული ვითარების შეფასებაზე, სადაც რეზოლუცია აღნიშნავს, რომ „რუსთავი 2"-ის საქმემ შეიძლება ჩრდილი მიაყენა მედიაპლურალიზმს ქვეყანაში.
ამდენად ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომ ევროპიდან ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლოს და ამ პროცესთან დაკავშირებული დეტალები ღიად გააცნოს. როდესაც მედიათავისუფლების კონტექსტში ვსაუბრობთ, „რუსთავი2"-თან დაკავშირებით ისინი მიესალმებიან საქართველოს მთავრობის ინიციატივას, ევროპელ ექსპერტებს უმასპინძლოს და ღიაობის რეჟიმში აჩვენოს ამ კუთხით დაკავშირებული საკითხები", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.