ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „გაზპრომთან" მოლაპარაკებების კომენტირებისას განუცხადა, რომ ქართული მხარეს აქვს სურვილი, ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთიდან წამოიღოს იმ მოცულობის ბუნებრივი აირი, რამდენი მოთხოვნაც იქნება ქართულ ბაზარზე.
„რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებს რაც შეეხება, არ ვიცი, ამას გინდა ულტიმატუმი დავარქვათ, გინდა მოთხოვნა, საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ მოხდეს გატარების თანხობრივი ანაზღაურება. აქედან გამომდინარე ქართულ მხარეს გვაქვს სურვილი და გვინდა, რომ ჩვენ მივიღოთ იგივე შედეგი, რასაც ვიღებდით ნედლეულის მიღების შემთხვევაში და ასევე, გვქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში წამოვიღოთ იმდენი მოცულობის ბუნებრივი აირი, რამდენიც იქნება მოთხოვნა ქართულ ბაზარზე და ამაში შეზღუდულები არ ვიყოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე- მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება კომერციული გაზის შეძენის თაობაზე და რა როლი აქვს ამაში სახელმწიფოს, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ კომერციული ბაზარი აბსოლუტურად დარეგულირებულია და ყველა კომპანიას აქვს შესაძლებობა პირდაპირ დაელაპარაკოს „გაზპორმს" იქნება ეს თუ „სოკარს" და სადაც უკეთეს ფასს მიიღებს, იმ ქვეყნიდან შემოიტანოს ბუნებრივი აირი.
„სახელმწიფო აქ არ ერევა და ამის შესაძლებლობები თვითონ კომპანიას გააჩნია", - განაცხადა კახა კალაძემ.