საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მთავრობის მეთაური იზიარებს ევროპარლამენტის მოწოდებას, ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
„მე სრულად ვიზიარებ ევროპარლამენტის მოწოდებას, ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წინაშე ჩემი პირველი გამოსვლისას, სწორედ მსგავსი განცხადებით მივმართე, როგორც მმართველ კოალიციას, ისე - ოპოზიციას და ამ პრინციპის ერთგული დავრჩები. როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში და ვიმედოვნებთ, რომ ოპონენტები გამონახავენ ჩვენთან თანამშრომლობის გზებს ისეთ ძირითად საკითხებზე, რომლებიც გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. ჩვენი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია 2016 წლის არჩევნების თავისუფალ, ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ჩვენი დემოკრატიის სიმწიფეს", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.