აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაძლიერდეს.
„აშშ-მ შესაძლოა, ერაყსა და სირიაში უფრო მეტი სახმელეთო ჯარისკაცები გაგზავნოს, თუმცა, ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისთვის ადგილობრივი ძალების მობილიზება უნდა მოხდეს. აშშ-ის კოალიციამ ქალაქები მოსული და რაქა უნდა გაათავისუფლოს და ამისთვის სახმელეთო ძალები გამოიყენოს. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ისინი ამ ორ ქალაქში და მე ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს. ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება უფრო მეტის გაკეთება იმისათვის, რომ დავამარცხოთ „ისლამური სახელმწიფო". დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას მოვახერხებთ, მე უბრალოდ ამ პროცესის დაჩქარება მინდა", - განაცხადა ეშტონ კარტერმა.