საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელთა ძირითად პრიორიტეტს სასამართლო სისტემის, მათ შორის, მთავარი პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა წარმოადგენს.
„ოთხეტაპიანი სასამართლო რეფორმის მიზანი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზება, გამჭვირვალობის გაზრდა, საზოგადოებისა და მედიისათვის სასამართლო სხდომების გასაჯაროების გზით და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შემოღება. რაც შეეხება რეზოლუციაში პროკურატურასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პრობლემატურ საკითხებს, მათ შორის ანგარიშვალდებულებისა და შერჩევითობის გაუმჯობესების მიზნით, უკვე განხორციელდა შესაბამისი ძალისხმევა.
2015 წლის შემოდგომაზე პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ჩამოყალიბდა გენდერულად დაბალანსებული, 15-წევრიანი საპროკურორო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია კოლეგების მიერ არჩეული პროკურორებით და საკანონმდებლო, სასამართლო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებით. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე მუშაობისას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობდა ვენეციის კომისიასთან და კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, კომისიის ექსპერტთა მიერ შემუშავებული 37 რეკომენდაციიდან 35 გაითვალისწინა", - ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერი განცხადებაში ასევე საუბრობს მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმზე და აღნიშნავს, რომ ეს ღირებულებები, რომლებიც დემოკრატიის მთავარ საყრდენს წარმოადგენს, 2012 წლიდან დღემდე ხელისუფლების დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის პრიორიტეტია.
„ამჟამად, საქართველოში მედიასივრცე ისეთივე თავისუფალია, როგორც ბევრ სხვა შემდგარ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ჩვენ, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვსარგებლობთ პლურალისტური მედიაგარემოთი, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და პოლიტიკური ჩარევისგან. რაც შეეხება სატელევიზიო არხ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ დავას, რომელმაც წარმოშვა გარკვეული კითხვები ქართულ საზოგადოებაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ შელახულიყო კანონიერი საკუთრების უფლება, რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია, და სასამართლო პროცესი ყოფილიყო დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისგან.
იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტმა განაგრძოს საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის მონიტორინგი და კვლავაც დარჩეს ჩვენს მტკიცე მხარდამჭერად", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.