საქართველოს პრემიერ- მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით „გაზპრომთან" მოლაპარაკებების შესახებ, ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც პოლიტიკურ დატვირთვას შეიცავს, არაკომპეტენტურია, რადგან „გაზპრომის" საკითხი ტექნიკური ხასიათისაა და პოლიტიკურ დატვირთვას არ უნდა ატარებდეს.
კვირიკაშვილის განცხადებით, დავოსში ის აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა, თუმცა, გაზის მოწოდების საკითხზე საუბარი არ ჰქონია.
"ერთადერთი, რაც აღვნიშნეთ, რომ ეს არის სუფთა, ტექნიკური ხასიათის საკითხი. აბსოლუტურად არანაირი გაუგებრობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის არ არსებობს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური განწყობა, რომ იმ საერთო პროექტებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს არის აბრეშუმის გზის პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, ძალიან მნიშვნელოვან, ახალ წყაროს შევქმნით ორივე ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის. ასევე შევთანხმდით, რომ ბატონი ალიევი საქართველოს ეწვევა", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ გაზთან დაკავშირებით უამრავი უსაფუძვლო ბრალდება ისმის მთავრობის და კახა კალაძის მისამართით.
„გაზთან დაკავშირებით უამრავი სპეკულაცია მოვისმინე. უამრავი ბრალდება კონკრეტულად კახი კალაძის და მთავრობის მისამართით. ჩვენი მთავრობა არის მოწოდებული, რომ მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ნამდვილად იმაზე ზევით იქნა აწეული ეს საკითხი, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ეს არის წმინდა სახის ტექნიკური მოლაპარაკებები და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამას ნამდვილად არ გააჩნია. ეს იყო სუფთა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც მე ვისმენ ამდენი დღის განმავლობაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე "გაზპრომის" თემაც უნდა განიხილოს, კვირიკაშვილი აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოზე გაცილებით უფრო მაღალი დონის საგანგებო საკითხები იხილება.
"არ მგონია, რომ უშიშროების საბჭოზე ჩვენ ინფრასტრუქტურის ტექნიკური საკითხები უნდა განვიხილოთ. მივიჩნევ, რომ უშიშროების საბჭო არის სპეციალური ინსტიტუტი, სადაც გაცილებით უფრო მაღალი დონის საგანგებო საკითხები იხილება და ვერაფერ საგანგებოს ამ საკითხში ვერ ვხედავ", - აღნიშნა პრემიერმა.