„ჩვენ არ ვართ იდეალურები, მაგრამ ამ პროგრესის არ დანახვა შეუძლებელია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას.
„ვფიქრობ, რომ კარგი კომუნიკაციით ჩვენს ევროპელ მეგობრებს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და მთელი დიპლომატიური კორპუსი მოწოდებული იქნება იმისკენ, რომ მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია გავიტანოთ. ის საკითხები, რომელიც ეწერა, ვფიქრობ, უკვე ჩავლილი საკითხებია. მათ შორის იყო „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, სადაც ყველანაირი შეშფოთების მიზეზი მოხსნილია და ჩვეულებრივი სასამართლო განხილვის თემაა. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი და ჩვენთვის მედიის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უმაღლესი პრიორიტეტი ჩვენთვის, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნო წელს ამ მიმართულებით არანაირი ეჭვი არ არსებობდეს.
ჩვენ არ ვართ იდეალურები, მაგრამ ამ პროგრესის არ დანახვა შეუძლებელია. თუ შევადარებთ დღევანდელ სიტუაციას რამდენიმე წლის წინ არსებულ სიტუაციას, ჩვენ ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. ჩვენ მივდივართ წინ მაქსიმალურად და ხდება იუსტიციის სისტემის, სასჯელაღსრულების სისტემის და სამართალდამცველი მიმართულებების რეფორმა და მაქსიმალურად ვუახლოებთ ევროპულ სტანდარტებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.