პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით რიგგარეშე არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გარდაბანში, ბესიკ კახაბრიშვილი წარსულში ნასამართლევია, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა" თავისი კანდიდატის მოხსნას გეგმავს.
ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაც" ნამდვილად გეგმავდა და გეგმავს თავისი კანდიდატის მოხსნას და ბოიკოტორების რეჟიმის შეერთებას. იმ საფუძვლებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს, რა თქმა უნდა, ამის მიზანია, ამოეფარონ ამ ბოიკოტირების რეჟიმს. სინამდვილეში რეალური მიზეზი არის ის, რომ მათ კანდიდატს ნამდვილად არ აქვს გამარჯვების შანსი, მით უმეტეს, როდესაც არსებობს დაფარული ინფორმაცია, რომელიც, ნამდვილად დარწმუნებული ვარ, გარდაბნის ამომრჩევლებმა არ იციან.", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 1994 წელს ბესიკ კახაბრიშვილი დაკავებული იყო და მას 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირადი ქონების კონფისკაციით და გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. 1997 წელს ის მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შეწყალების აქტით გათავისუფლდა.
"ის ფაქტი ეხებოდა ყაჩაღობას და გარკვეული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, ადამიანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, შეღწევას ბეწვის და ტყავის გადამამუშავებელ ფაბრიკაში. ასეთი ბიოგრაფია აქვა ამ ადამიანს. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, როდის აქვს დანაშაული ჩადენილი, ალბათ მნიშვნელოვანია, ამომრჩევლებმა იცოდნენ, ვის აძლევენ ხმას, ვინ არის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან". დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი გააკეთებს სწორ არჩევანს, თუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მანამდე ბოიკოტი არ გამოუცხადა არჩევნებს", - განაცხადა კობახიძემ.