ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან შესაძლო გადადგომის შესახებ იმდენად დიდი აჟიოტაჟი და ხმაური მოჰყვა, შესაძლოა, ეს ნაკლებად ინფორმირებული და პოლიტიკური ცხოვრების ლაბირინთებში ჩაუხედავი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მასობრივი ფსიქოზისა და დეპრესიის საბაბად იქცეს.
თუ შევიხედავთ სოციალურ ქსელებში, თუ ყურს მივუგდებთ მოქალაქეთა საუბრებს, ამის ნიშნები ნამდვილად არის.
ადამიანებს, რომლებმაც „ნაცმოძრაობის" მმართველობის ცხრაწლიანი ჯოჯოხეთი გამოიარეს, კვლავ გაუჩნდათ შიში, რომ ივანიშვილის გადადგომამ, შეიძლება, „ნაციონალებს" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი მისცეს და ქვეყანაში დიდი შურისძიების და სასტიკი ანგარიშსწორების ჟამი დადგეს.
- თუ ეს მოხდა, „ნაციონალები" „ქართული ოცნებასავით" კოჰაბიტაციაზე სენტიმენტალურ საუბარს არ დაიწყებენ. ისინი ყველას დაუნდობლად გაუსწორდებიან და სისხლის ტბებს დააყენებენ! - აი, ასეთ საგანგაშო ფრაზებს გაიგონებთ ჩვენი მოქალაქეებისგან.
სამწუხაროდ, არავის უფიქრია იმაზე, რომ საზოგადოება, რომელმაც თავის თავზე იწვნია არნახული ძალადობის, ტერორის, დევნის, შანტაჟის, დამცირების, შეურაცხყოფის კოშმარული 9 წელი, აუცილებლად საჭიროებს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, რომ ამ დამთრგუნველი სტრესიდან გამოვიდეს და გათავისუფლდეს.
საუბედუროდ, ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემდეგაც „ნაცმოძრაობამ" გაორმაგებული ენერგიით გააგრძელა ფსიქოლოგიური ძალადობა და ტერორი ადამიანებზე, რაშიც მას ფასდაუდებელ სამსახურს უწევს ქართული ელწექტრონული მედია, რომელიც „ნაცმოძრაობის" ფარულ მოკავშირედ და ერთგულ პარტნიორად მოგვევლინა.
პიარკამპანია, რომელსაც არნახული ცინიზმით და უტიფრობით აწარმოებს „ნაცმოძრაობა", ისეთ ილუზორულ სურათს ქმნის, თითქოს ისინი არც დამარცხებულან და სულ მალე კვლავ ტრიუმფალური სვლით მობრუნდებიან უკან.
ეს და კიდევ სხვა მრავალი ფაქტორი, რომლებზეც აქ ყურადღებას არ შევაჩერებთ, ქმნის არასტაბილურობის შეგრძნებას, ამკვიდრებს სკეპტიციზმს, ინფანტილიზმს, შიშსა და უიმედობას.
მოგვიანებით, ბატონმა ბიძინამ სცადა განემარტა საზოგადოებისთვის, რომ ეს არ იყო საბოლოო გადაწყვეტილება და ის მოქმედებდა შექმნილი სიტუაციის ადეკვატურად. მან იქვე ითხოვა, რომ მისი ეს განცხადება არ ექციათ პოლიტიკური სპეკულაციის და არაჯანსაღი დისკუსიის საგნად, თუმცა ეს თხოვნა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ იქნა შესმენილი.
გადადგომა - უკანდახევა
თუ დიდი გეგმის მეორე ეტაპის დასაწყისი?
- ეს არის ღალატი ქართველი ხალხის წინააღმდეგ!
- ეს არის ნაციონალების წინაშე კაპიტულაცია!
- ეს არის ბრძოლის ველიდან გაქცევა!
- ივანიშვილის ამ ნაბიჯს შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვეს!
- ეს არის შეთქმულება საქათველოს საბოლოოდ წელში გასატეხად - ივანიშვილი ამ შეთქმულების მონაწილეა.
- ივანიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმა რუსებმა აიძულეს!
- ივანიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმა ამერიკელებმა აიძულეს!
აი, ასეთი მძაფრი და რადიკალური განცხადებები ისმის ყოველი მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მისამართით.
ამ დროს რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილს მსგავსი განცხადება პირველად ახლა კი არ გაუკეთებია, არამედ გააკეთა ორი წლის წინ, პოლიტიკაში შემოსვლისთანავე.
ამ წერილის ავტორი, რამდენიმე ადამიანთან ერთად, უშუალო მონაწილეა იმ ამბისა, როცა ბიძინა ივანიშვილმა, ტექსტზე მუშაობის დროს ღიად და დაუფარავად განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლიდან ორ-სამ წელიწადში ის აუცილებლად დატოვებდა პოლიტიკას და სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებდა.
მან ძალიან ნათლად და დამაჯერებლად ჩამოაყალიბა თავისი განზრახვის მართებულობა და დაგვიმტკიცა, რომ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის მისი ეს ნაბიჯი გაცილებით სასარგებლო და ეფექტური იქნებოდა, ვიდრე ხელისუფლებაში დარჩენა.
ეს ამბავი, როგორც ვთქვით, 2011 წლის ოქტომბერში, ორი წლის წინ მოხდა, რაც მტკიცე არგუმენტია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ხელისუფლებიდან წასვლა არც რუსებს დაუძალებიათ და არც ამერიკელებს, არც შექმნილი პოლიტიკური გარემოებით არის იგი ნაკარნახევი, არც სხვა ფაქტორებით. ეს არის ზუსტად გათვლილი და აწონილ-დაწონილი იმ დიდი გეგმის ერთ-ერთი პუნქტი, ერთ-ერთი მონაკვეთი, რომლის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილი მოქმედების სრულიად ახალი ეტაპის დაწყექას აპირებს.
ცუდია, რომ ქართველი საზოგადოება სრულყოფილად არ იცნობს ბიძინა ივანიშვილს, არ იცნობს მოქმედების მისეულ სტილს, რომელიც უკიდურესად რაციონალურ და დეტალებში გათვლილ მოქმედებებზეა აგებული.
ჩვენ მალე დავივიწყეთ, რა გზა გაიარა ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე.
ეს იყო ნერვების ომი, ნებისყოფის გამოცდა, როცა ძალადობასა და პროვოკაციაზე გადასული ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავდა, რომ წონასწორობიდან გამოეყვანა ქართველი ხალხი და მისი ლიდერი და იძულებული გაეხადა იგი რადიკალური ნაბიჯები გადაედგა, რომ საბაბი და საშუალება მისცემოდა რეპრესიების გზით ჩაეხშო ქართველი ხალხის საპროტესტო განწყობა და ამით დიდი ხნით, ძალიან დიდი ხნით შეენარჩუნებინა ძალაუფლება.
მაშინ ძალიან ბევრს არ სჯეროდა, რომ „ნაცმოძრაობის" დამარცხება არჩევნების გზით შესაძლებელი იყო, თუმცა მტკიცედ სჯეროდა ეს ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შეძლო ბოლომდე დაეცვა თავისი პრინციპები და იდეა, ხელისუფლების მხოლოდ არჩევნებით, მხოლოდ მშვიდობიანი, ცივილიზებული ფორმებით შეცვლისა, რეალობად ექცია.
არა ემოციებზე დამყარებული გადაწყვეტილებები, არამედ თანმიმდევრული, აუჩქარებელი სვლა დასახული მიზნისკენ - ეს ბიძინა ივანიშვილის პიროვნული ხასიათის განსაკუთრებული თვისებაა, რომელიც ზოგჯერ გამაღიზიანებლად მოქმედებს ბუნებით იმპულსურ ქართველებზე, რომლებსაც სასურველი შედეგების მიღება დღესვე, დაუყოვნებლივ, მყისიერად უნდათ და ამის გამო ხშირად პროცესებს წინ უსწრებენ, რაც, როგოც წესი, მარცხით მთავრდება.
ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ, უკანდახევა და კაპიტულაცია კი არა, ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის საჭირო აქტია, რომლითაც უნდა დასრულდეს ივანიშვილისეული პროექტის ერთი ნაწილი და დაიწყოს თვისობრივად და მიზნობრივად განსხვავებული მეორე ეტაპი.
რატომ ნერვიულობენ „ნაციონალები" ივანიშვილის შესაძლო გადადგომის გამო?
თუ ვინმეს გულწრფელად ეწყინა ინფორმაცია ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შესახებ, რაც არ უნდა გასაკვირი და გასაოცარი იყოს, ეს პირველ რიგში ეწყინა „ნაცმოძრაობას".
„ნაციონალები" აღშფოთებას ვერ მალავდნენ და ივანიშვილის მისამართით მწარე შეფასებებს არ იშურებდნენ.
- რას ჰქვია, უნდა გადადგეს? საბავშვო ბაღი ხომ არ არის? კეთილი ინებოს და თავისი მოვალოება შეასრულოს! - მოითხოვდნენ „ნაციონალები" და თავიანთი მოთხოვნის გამყარებას სხვადასხვა არგუმენტებით ცდილობდნენ.
კი, მაგრამ, რატომ უნდა სწყინდეთ „ნაციონალებს" იმ კაცის გადადგომა, რომელიც თავიანთ მოსისხლე მტრად და თავიანთი უბედურების მთავარ მიზეზად მიაჩნიათ?
რატომ უნდა სწყინდეთ და იმიტომ, რომ „ნაციონალები" შესანიშნავად ხედავენ იმ საფრთხეს, რომელიც ივანიშვილის გადადგომით მათ პოლიტიკურ არსებობას ემუქრება.
„ნაციონალებს" ეშინიათ, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ ავტომატურად არ დადგეს საკითხი იმ პარლამენტის ლეგიტიმურობის შესახებ, სადაც ისინი 40 %-ით არიან წარმოდგენილნი.
ვინ ვინ და, მათ ხომ შესანიშნავად იციან, რომ მათი მხარდამჭერების რიცხვი, სინამდვილეში, 5-10 %-ს არ აღემატება?!
ამბობენ, „საქართველოში ზუსტად იმდენი უნამუსოა, რამდენი მხარდამჭერიც „ნაცმოძრაობას" ჰყავს-ო.
ჰოდა, 5-10 %-ზე მეტი უნამუსო არ შეიძლება ამ პატარა ქვეყანას ჰყავდეს.
კაცმა რომ თქვას, ესეც ბევრია...
„ნაციონალების" და ამ 5 თუ 10 პროცენტი უნამუსოების ბელადი სააკაშვილი, რომელიც პირდაპირ ცოფებს ჰყრის პრემიერის მოსალოდნელი გადადგომის გამო, ასეთ ორიგინალურ ახსნას უძებნის ივანიშვილის გადაწყვეტილებას - მას და პუტინს ჩემი გაქრობა სურთ... ეს გეგმა რომ შესრულდება, ივანიშვილი გადადგება... მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, არ ვაპირებ მე გაქრობას, არა!
შეშინებულია ბატონი სააკაშვილი - შიშმა იცის ასეთი დაფეთებული და არეულ-დარეული, შიზოფრენიულ ხილვებთან მიახლოებული ლაპარაკი, თუმცა სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ცხოველი, ყნოსვით გრძნობს დიდი განსაცდელის მოახლოებას და გუმანი იმასაც ხვდება, რომ ეს განსაცდელი რაღაცით უკავშირდება ივანიშვილის ამ რებუსივით ჩახლართულ გადაწყვეტილებას.
ცხადია, ივანიშვილი სააკაშვილის „ასაორთქლებლად" არ დგამს ამ ნაბიჯს - სააკაშვილი 27 ოქტომბრის შემდეგ თავისთავად გაქრება პოლიტიკური არენიდან და ამისთვის ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის მსხვერპლად შეწირვა სულაც არ არის საჭირო, თუმცა სააკაშვილი იმაში ნამდვილად არ ცდება, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება მის მიერ პარლამენტში შეგზავნილი პოლიტიკური დესანტი შეიწიროს და საერთოდ მარტო დარჩეს.
ბიძინა ივანიშვილის შესაძლო გადადგომა არა მარტო „ნაციონალებს", კოალიცია „ქართული ოცნების" ზოგიერთ სუბიექტსაც შეიძლება უფრთხობდეს ძილს..
საუბარია მათზე, ვინც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წყალობით ამოტივტივდნენ ნულოვანი ფსკერიდან და პოლიტიკურ მოვლენათა ზედაპირზე მოექცნენ.
„ნაცმოძრაობის" მსგავსად, ისინიც შიშსა და პანიკაში არიან, რომ გაწყრეს ღმერთი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, თავიანთი მწირი რეიტინგით დამოუკიდებლად ისინი პარლამენტში ვერ მოხვდებიან და ვერც იმ წამყვან პოზიციებს შეინარჩუნებენ, რომელიც მათ დღეს უჭირავთ ქართულ პოლიტიკაში.
აქედან გამომდინარე, უნდათ ეს მათ თუ არა, ეს სუბიექტები იძულებულნი არიან „ნაციონალური მოძრაობის" ფარული მოკავშირეები და თანამოაზრეები იყვნენ, რომ არსებული მდგომარეობა შეინარჩუნონ და პოლიტიკური ცხოვრების ზენიტზე ყოფნის პერიოდი გაიხანგრძლივონ.
ივანიშვილის გადადგომის შემდეგ, ლოგიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კოალიცია დაიშლება, რაც, ალბათ, ავტომატურად გამოიწვევს საპარლამენტო უმრავლესობის დაშლასაც, რის შემდეგაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა გარდაუვალი გახდება.
ასეთ საინტერესო ცვლილებებს გვთავაზობს ბიძინა ივანიშვილი თავისი გადადგომით, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, მან შექმნილი სიტუაციის ადეკვატურად იმოქმედოს და გადადგომის გადაწყვეტილება გაურკვეველი ვადით გადადოს.
დაბრუნება საკუთარ თავთან
„ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა?
ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია, იმიტომ, რომ ვხედავ, სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს არ აქვს ფასი, არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას.
ეს სიტყვები ჩვენს კონფორმიზმით დაავადებულ საზოგადოებაში შეიძლება ვინმეს ხმამაღლა ნათქვამად მოეჩვენოს და სწორედ ამაშია ჩვენი ყოფის უბედურება. არ დავმალავ, სანამ პოლიტიკაში მოსვლას გადავწყვეტდი, ორჯერ დავაპირე საქართველოდან წასვლა.
ვისაც არ სჯერა შეუძლია გადაამოწმოს და ნახოს, როგორც დავაბრუნე უკან შეკვეთილი თვითმფრინავები, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ოჯახის წევრებმა, ჩემმა მეუღლემ და ჩემმა ვაჟებმა მითხრეს - შენ შეგიძლია წახვიდე, ეს შენი ნებაა, მაგრამ ჩვენ აქ ვრჩებითო.
ჩემმა უფროსმა ვაჟმა, უტამ მითხრა, თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო.
მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე უფრო კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადაწონა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა.
მე შევძელი მეჯობნა საკუთარი თავისთვის, დამეძლია ჩემს თავში შიში, ეჭვი, სპეკტიციზმი, ახლა კი ჯერი თქენზეა.
ახლა თითოეულმა თქვენგანმა, ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, უნდა შეძლოს საკუთარ თაზე გამარჯვება და საერთო საქვეყნო საქმის გარშემო დარაზმვა.
ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი თანაბარნი და თანასწორუფლებიანნი ვართ და ყველას თანაბრად გვაწევს პასუხისმგებლობა ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე.
პოლიტიკაში იმიტომ მოვდივარ, რომ მივხვდი, მხოლოდ ქველმოქმედებით, ფინანსური დახმარებით და სპონსორობით, ცალკეულ სფეროებში ინვესტიციების ჩადებით და ლოკალური ღონისძიებებით, ქვეყანაში არსებულ საერთო ვითარებას და საერთო მდგომარეობას ვერ შეცვლი, თუ ყოველივე ამას ქვეყნის ხელისუფალთა პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა არ უმაგრებს ზურგს.
მე მივხვდი ჩემს შეცდომებს და მივედი იმ დასკვნამდე, რომ საჭირო და აუცილებელია პირველყოვლისა შეიცვალოს პოლიტიკური გარემო ქვეყანაში, შეიცვალოს ზოგადად პოლიტიკოსის და პოლიტიკის არსის და დანიშნულების გაგება ჩვენს ცნობიერებაში.
მე მოვდივარ პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინმეზე შურის საძიებლად, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლად".
„წასვლა მინდოდა აქედან და ჩემს გადაწყვეტილებას იმით ვხსნიდი, რომ პოლიტიკაში მოსვლით მე თვითონვე უარვყოფდი ჩემს მიერვე სავალდებულოდ მიჩნეულ ნორმას, რომ მე არასოდეს მოვალ პოლიტიკაში. და მეორე, ქართულ პრესაში გამოქვეყნდა „ვედომოსტში" დაბეჭდილი ინტერვიუს გაგრძელება, სადაც მე ჩამოვაყალიბე ჩემი დამოკიდებულება ქველმოქმედებასთან, რომელშიც ჩემი მსოფლმხედველობა იყო ასახული, პოლიტიკაში მოსვლით კი, ამ მსოფლმხედველობას მთლიანად ვანგრევდი". (ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს „საერთო გაზეთი", 40, ოქტომბერი, 2011 წ.).
ეს სიტყვები 2011 წლის ოქტომბერშია ნათქვამი, როცა ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამდა.
მას შემდეგ ივანიშვილს არაერთხელ გაუმეორებია, რომ პოლიტიკური საქმიანობა არ არის ის სფერო, რომელიც მას სიამოვნებას გვრის.
მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი, როგორც პოლიტიკოსი, შედგა.
მან უცებ აუღო ალღო მისთვის აქამდე უცნობ დარგს და დროის მცირე მონაკვეთში მაღალი კლასის ძალზე საინტერესო და ნიჭიერ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდა.
ასე რომ, პოლიტიკიდან წასვლა მას იმიტომ კი არ უნდა, რომ ამ სფეროში თავს დაჩაგრულად გრძნობს და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახდენს, არამედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, პოლიტიკის ეპიცენტრში ყოფნა მას, გარკვეულწილად, ხელს უშლის და ზღუდავს აკეთოს ის პოლიტიკა, რომელიც, მისი აზრით, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
პროფესიონალი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მას პოლიტიკა აინტერესებს არა როგორც პოლიტიკური კარიერის საფეხურებზე აღმასვლის საშუალება ან ძალაუფლების ფლობის ინსტრუმენტი, არამედ, როგორც დამხმარე საშუალება ქვეყნის აღორძინებისა და განვითარებისთვის.
მან თავიდანვე შესანიშნავად იცოდა და პოლიტიკაში ყოფნის პერიოდმა კიდევ უფრო განუმტკიცა შეხედულება იმის შესახებ, რომ ქვეყნის განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სამოქალაქო საზოგადოების სისუსტეა, რომლის ჩამოყალიბების პროცესი, სხვადასხვა მიზეზის გამო, თითქმის შეჩერებულია...
სამოქალაქო საზოგადოებას ჩვენში ხშირად აიგივებენ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არადა, ქართულ სინამდვილეში ეს გაურკვეველი წარმოშობის ორგანიზაციები დიდი ხანია იქცნენ დახურული ტიპის ნახევრად გასაიდუმლოებულ სტრუქტურებად, რომლებსაც, არავინ იცის, ვინ აფინანსებს, არავინ იცის, რა ძალები დგანან მათ უკან და, სინამდვილეში, რა მიზნებსა და ამოცანებს ემსახურებიან ისინი.
დემოკრატია ხალხის მმართველობაა, მაგრამ საქართველოში ხალხისთვის ჯერ არც მართვის უფლება მიუცია ვინმეს და არც ის უსწავლებია, როგორ უნდა მართოს.
ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადასვლით, დარწმუნებული ვართ, უმოკლეს ვადაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ეფექტური მოქმედებისთვის ისეთი ბერკეტები და მექანიზმები შეიქმნება, რომ ხალხი მართლაც გახდება ახალი იდეების, ახალი ინიციატივების, ახალი მიმართულებების მთავარი წყარო და, რაც მთავარია, ხელისუფლების საქმიანობის მთავარი არბიტრი და მაკონტროლებელი.
საქართველოს აქვს ერთი ძალიან დიდი სიმდიდრე, ჯერჯერობით გამოუყენებელი და აუთვისებელი. ეს არის ინტელექტუალური რესურსი, ანუ რესურსი ადამიანებისა, რომლებსაც თავიანთი ნიჭიერებით, გონიერებით, ინტელექტით, გამოცდილებით, ძალიან დიდი სამსახურის გაწევა შეუძლიათ ქართული სახელმწიფოსთვის ყველა დარგში, ყველა სფეროში.
სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი მიდგომის წყალობით, ეს უზარმაზარი რესურსი, ფაქტობრივად, გამოუყენებელია.
ეს ადამიანები, მთელი თაობები, თითქმის გააძევეს საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო სტრუქტურებიდან.
მათთვის არავის დაუძახია, არავის მოუხმია, სწორედ ამიტომ გაჩნდა ტერმინი - მოუხმობლები - მოგვიანებით, ამ ტერმინს მეორე ტერმინი - ჩარეცხილები - დაემატა.
მოუხმობლების, ჩარეცხილების, გარიყულების, უარყოფილების, შეურაცხყოფილების, ქვეყნიდან იძულებით გაძევებულების, გულნატკენი, სულნატკენი, უნუგეშებელი ადამიანების უზარმაზარი არმია - აი, ეს არის ქართული სამოქალაქო სექტორი, ქართული უბედურების ზონა.
სანამ იქ არსებული პრობლემები არ მოგვარდება, არ მოგვარდება ქართული სახელმწიფოს სხვა პრობლემები.
ამიტომაც აპირებს ბიძინა ივანიშვილი ამ ურთულეს უბანზე გადასვლას.
ეს კიდევ ერთი მორიგი მსხვერპლია მისი მხრიდან ქვეყნის გადასარჩენად.
მას სურს ადამიანებს დაეხმაროს, ასწავლოს მიზანმიმართული, გააზრებული მოქმედება გამარჯვებისა და გადარჩენისთვის.
ძველი ლაზები ბავშვობიდანვე სწავლობდნენ ხელფეხშეკრულ ცურვას, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში თავის გადარჩენა შესძლებოდათ.
საქართველოც ექსტრემალურ სიტუაციაშია დღეს და ხელფეხშეკრული ცურვის ხელოვნების გახსენება ნამდვილად არ გვაწყენდა...
***
- სჯობს, ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის ლიდერობას თავი დაანებოს და ეროვნული ლიდერის ფუნქცია იკისროს! - ასეთი მოწოდებაც ხშირად გაისმის ამ ბოლო ხანებში.
საინტერესო და ყურადსაღები მოწოდებაა ეს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მან ეროვნული ლიდერის ფუნქცია უკვე შეასრულა, როცა სათავეში ჩაუდგა სააკაშვილის ფაშისტურ-ოკუპაციური რეჟიმის წინააღმდეგ წამოწყებულ დიდ სახალხო მოძრაობას, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა „ნაცმოძრაობის" სახით მოვლენილი შინაური ოკუპანტების, შინაური დამპყრობლების დესპოტურ-სადისტური რეჟიმისგან გასათავისუფლებლად.
ეს ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, ის დამთავრდება 27 ოქტომბერს, როცა ოკუპანტი სააკაშვილი მის მიერ მიტაცებულ საპრეზიდენტო ტახტს დატოვებს და საქართველოდან გაიქცევა, რასაც, ალბათ, „ნაცმოძრაობის" სრული დემონტაჟი მოყვება.
ამის მერე ბიძინა ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან და ქართველი ხალხის „ბანაკში" გადასვლა, სრულიად ლოგიკურ, ქვეყნისთვის უაღრესად საჭირო და სასარგებლო ნაბიჯად მეჩვენება.
ვახტანგ ხარჩილავა
„საერთო გაზეთის" მთავარი რედაქტორი
„ლიტერატურული საქართველო" № 57, 16 აგვისტო, 2013 წელი