მთავარმა პროკურორი ზუგდიდში მოკლული პროკურორის, ვახტანგ ქირიას დაკრძალვაზე იმყოფებოდა. შოთაძემ ჟურნალისთებთან კომენტარი სხვადასხვა საკითხზე გააკეთა, მათ შორის კორტების სპეცოპერაციის საქმეზეც. შოთაძის განმარტებით, იმ დანაშაულებებს, რომელზეც ირაკლი ფირცხალავამ ისაუბრა და გაუხსნელია, პროკურატურა გამოიძიებს:
"ის საქმეები, რომელიც ფირცხალავამ დაასახელა, გაუხსნელია. მათზე იმ დროს, როდესაც ეს ფაქტები მოხდა, ჩატარებულია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მიზეზთა გამო, რომელსაც ვერ ჩავუღრმავდები, ეს დანაშაულები გაუხსნელია. რა თქმა უნდა, გამოვიძიებთ. ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც საჭიროა იმ საქმეებზეც ჭეშმარიტების დასადგენად", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
საქმე შეეხება 2007 წელს გოჩა მაღალდაძის და 2009 წელს ნინუების მკვლელობას. 22 იანვარს სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის დირექტორობის პერიოდში, მას გააჩნდა აღნიშნული მკვლელობების შესახებ ინფორმაცია.
ფირცხალავამ აღნიშნა, რომ კვალი სამივე მოკლულის შემთხევვაში, ბიძინა კუჭავაზე გადიოდა, რომელიც პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაშია ბრალდებული და რომელმაც როგორც ცნობილია თავი მოიკლა. ფირცხალავამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ პროკურატურას ძველ საქმეებზე ჩვენება მისცეს.