რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გავრცელებული ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის გზაზე რამდენიმე ზვავია ჩამოწოლილი.
გუშინ გვიან ღამით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცით, ამ დროისათვის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოხსნილია და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ზვავსაშიშროების რეჟიმი რჩება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, სადაც ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, არაგვისპირი-მლეთის და კობი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთებზე თავისუფალია.