reportiori.ge - mediachecker: ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაცია მედიაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:38
პრეს-დაიჯესტი
mediachecker: ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაცია მედიაში
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 11:32


„იცით თუ არა, რომ დამსაქმებელს უფლება ეძლევა, თქვენი, ანუ თანამშრომლის პირადი მიმოწერა შეამოწმოს? გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ეკუთვნის", - ასე წარადგინა „20/30"-ის წამყვანმა სიუჟეტი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. არადა, იმავე სიუჟეტში რესპონდენტებმა ნათლად განმარტეს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხება დამსაქმებლისთვის პირადი მიმოწერის ნახვის უფლების მიცემას.


„20/30" არ იყო ერთადერთი, რომელმაც მსგავსი ტიპის ინფორმაცია გაავრცელა. ბოლო დღეებში მედიასაშუალებების ნაწილი აუდიტორიას სიფრთხილისკენ მოუწოდებდა და ამცნობდა, რომ დღეიდან დამსაქმებელს მათი პირადი მიმოწერის წაკითხვა შეეძლო.

 

„ყურადღება, დღეიდან დამქირავებელს შეუძლია წაიკითხოს თქვენი მიმოწერა სოციალურ ქსელში" - ამგვარი სათაურით გაავრცელა ინფორმაცია ვებგვერდმა intermedia.ge-მ. „აწი დამსაქმებელს შეუძლია, სამუშაო პერიოდში სრულად გააკონტროლოს თანამშრომლის მიმოწერა სოციალურ ქსელში, მათ შორის ელექტრონული ფოსტა, Facebook და სხვა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ... ეს კანონი შეეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელი აქვს მოწერილი, მათ შორის საქართველოს", - ვკითხულობთ სტატიაში.


ინტერნეტგამოცემა reportiori.ge კი, აქვეყნებს ლაშა ტუღუშის განცხადებას ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ამბობს რომ: „ევროსასამართლოს არ უთქვამს, რომ დამქირავებელს ნებისმიერი მეილის წაკითხვა შეუძლია". მიუხედავად ამ განმარტებისა, მასალის ბოლოს ჟურნალისტი წერს: „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით სამუშაო საათებში დამსაქმებელს დასაქმებულის პირადი მიმოწერის შემოწმების უფლება ექნება".


დამსაქმებლისთვის ახალი უფლების მინიჭებაზე წერს commersant.ge-ც, სტატიის ბოლოს კი გვამცნობს, რომ „გადაწყვეტილება ვრცელდება ყველა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენცია აქვს რატიფიცირებული". news.ge-ს მასალის მიხედვით კი, დამსაქმებელს დასაქმებულის პირადი მიმოწერის ნახვა სპეციალური „ჩატ პროგრამების საშუალებით შეეძლება".

 

„თუ სამსახურში მეგობრებს და ოჯახის წევრებს WhatsApp-ით ან Facebook-ის საშუალებით ეკონტაქტებით, გადაამოწმეთ, რამდენად უსაფრთხოა ამის გაკეთება თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ გამოსცა წესდება, რომლის თანახმადაც დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებულის მიერ სამუშაო საათებში ჩატში გაგზავნილი პირადი მესიჯები და მეილი წაიკითხოს."..."ამჟამად სასამართლოს განჩინება ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში შემავალ ყველა ქვეყანაზე გავრცელდა", - ვკითხულობთ Ambebi.ge-ზე


Megatv.ge- ზე კი ვკითხულობთ, რომ ევროსასამართლომ ჯერ ზემოხსენებული გადაწყვეტილება მიიღო, შემდეგ კი კანონში შევიდა ცვლილებები: „მოცემულ ვერდიქტს ევროკავშირის ახალი კანონი მოჰყვა, რომლის თანამხადაც, დამსაქმებელს უფლება აქვს, აკონტროლოს თანამშრომლის მიმოწერა და ფოსტაც კი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის".


medianews.ge-ს ცნობით, „გადაწყვეტილება ვრცელდება ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებმაც უკვე მოახდინეს ადამიანის უფლებების საკითხებზე ევროპული კონვენციის რატიფიცირება", gurianews.ge-ს თქმით კი, გადაწყვეტილება „ევროპის საბჭოში შემავალ ყველა ქვეყანაზე და ბრიტანეთზე ვრცელდება".


სინამდვილეში კი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ დამსაქმებელს უფლება აქვს, წაიკითხოს დასაქმებულის პირადი მიმოწერა რომელიმე კონკრეტული სოციალური ქსელისა თუ საფოსტო შეტყობინებების გამოყენებით, ეს არ არის არც კანონი, არც დადგენილება და არც წესდება. საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „ბარბულეშკუ რუმინეთის წინააღმდეგ".


საკითხზე განცხადება გაავრცელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმაც, რომელშიც საქმის ფაქტორბივი გარემოებები დეტალურადაა ახსნილი:


„ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ რუმინეთის მოქალაქე ბარბულეშკუ სამუშაო დროს სამსახურებრივი მიზნებისთვის შექმნილი „Yahoo Messenger"-ის პირადი მიმოწერისთვის გამოყენების გამო სამსახურიდან გაათავისუფლა. კომპანიის შიდა რეგულაცია კრძალავდა სამუშაო დროს ორგანიზაციის საკომუნიკაციო საშუალებების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას.


რუმინეთის სასამართლომ ბარბულეშკუსა და კომპანიის დავის განხილვისას მითითება არ გააკეთა არც პირადი კომუნიკაციის შინაარსზე და არც იმ პირთა იდენტიფიცირება მოახდინა, ვისთანაც ბარბულეშკუს ჰქონდა კომუნიკაცია. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კომუნიკაციის შინაარსი ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ფაქტორი არ ყოფილა. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ დასაქმებულმა ვერ დაასაბუთა, რატომ გამოიყენა „Yahoo Messenger" პირადი მიზნებისთვის.


ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ რუმინეთის სახელმწიფომ დაიცვა სამართლიანი ბალანსი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და დამსაქმებლის ინტერესებს შორის, რადგან დამსაქმებელმა შეამოწმა კომუნიკაცია მხოლოდ „Yahoo Messenger"-ზე და არა დასაქმებულის კომპიუტერში არსებული სხვა დოკუმენტები, შესაბამისად, დამსაქმებელი მოქმედებდა უფლებამოსილების ფარგლებში და თანამშრომლის მონიტორინგი ლიმიტირებული და პროპორციული იყო.


აღნიშნული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა მხოლოდ დავის მხარე ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში, რუმინეთისთვის. თუმცა, გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა მნიშვნელოვანია კონვენციის ხელმომწერი ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის.


ევროსასამართლოს განმარტებით, სამუშაო შენობიდან სატელეფონო ზარის განხორციელება, ისევე, როგორც ელექტრონული მიმოწერა, დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით. თუ დასაქმებული არ არის გაფრთხილებული მონიტორინგის შესახებ, მას აქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მისი პირადი კომუნიკაცია და ინტერნეტით სარგებლობა დაცულია ჩარევისგან (იხილეთ საქმეები Halford v. United Kingdom(1997) და Copland v. United Kingdom (2007), განსხვავებით იმ შემთხვევებისგან, როდესაც დამსაქმებლის შიდა რეგულაცია მკაცრად კრძალავს კომპანიის კომპიუტერისა და რესურსების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი", - ვკითხულობთ განცხადებაში.



გადაწყვეტილების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-159906#{"itemid":["001-159906"]}




წყარო: mediacheckr.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016