საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 26 იანვარს, 18:00 საათზე, კინოთეატრ „რუსთაველის" წინ ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას „ვარსკვლავი" საზეიმოდ გაიხსნება.
26 იანვარს ელდარ შენგელაიას 83 წელი უსრულდება.
„ვარსკვლავის" გახსნის ცერემონიამდე რეჟისორისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართება, სადაც ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები მისი ცნობილი კინოფილმებიდან.
ქართველი ხელოვანები, მეგობრები, კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ელდარ შენგელაიას შემოქმედებას. სუხიშვილების მონაწილეობით „ხორუმი" შესრულდება, რის შემდეგაც ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი, დასთან ერთად „ვარსკვლავის" წინ საბალეტო ნომერს შეასრულებს.
„ვარსკვლავის" საზეიმო და ორიგინალურ გახსნას ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრები, ქართველი ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენელბი და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები დაესწრებიან. ღონისძიება კულტურის პალატის დავით ოქიტაშვილის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების რეჟისორებია გოჩა კაპანაძე და ბასა ფოცხიშვილი.
ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს თბილისში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957 -1959 წლებში იყო კინოსტუდია „მოსფილმის", 1960 წლიდან კი კინოსტუდია „ქართული ფილმის" კინორეჟისორი. 1976-1991 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი და კულტურის კომისიის თავმჯდომარე.
ქართველ რეჟისორს 1979 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1988 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. 2009 წელს კი დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით.
კინორეჟისორის ნამუშევრებს შორის არის ყველასთვის კარგად ცნობილი ფილმები: „არაჩვეულებრივი გამოფენა", „შერეკილები", „სამანიშვილის დედინაცვალი", „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" და მრავალი სხვა.
„ცისფერი მთები" კი „კანის კლასიკაში" 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა.