იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ პარლამენტი ე.წ. სპეცუბნებთან დაკავშირებულ კანონს თებერვალში მიიღებს და მომავალ არჩევნებზე ეს პრობლემა აღმოიფხვრება.
იუსტიციის მინისტრის თქმით, გატარდა გარკვეული რეფორმა, რომელიც სპეცუბნების გაუქმებას ითვალისწინებს. წულუკიანის განმარტებით, აღნიშნული რეფორმა გარდაბნის არჩევნებს ვერ შეეხება:
„იმ უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, საგარეჯოში მიმდინარე არჩევნების პარალელურად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განგვეხორციელებინა საკანონმდებლო რეფორმა, ამ მუშაობის შედეგი დღეს პრემიერმა წარუდგინა ინტერპარტიულ ჯგუფს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შემოდგომაზე ჩასატარებელ არჩევნებზე არცერთ სამინისტროს, მათ შორის არც თავდაცვის სამინისტროს აღარ ექნება უფლება, თავისი შეხედულებისამებრ შექმნას სპეცუბნები. ამ რეფორმას სჭირდება პარლამენტში კენჭისყრა და ამიტომ თებერვალში დიდი იმედი მაქვს, რომ ამას პარლამენტი კენჭს უყრის. რაც შეხება გარდაბანს, იქ არჩევნები სულ რამდენიმე დღეშია და აქედან გამომდინარე ამ კანონის მიღება ვერ ესწრება, თუმცა შემოდგომაზე ვერცერთი სამინისტრო გაუმჭირვალედ და თავისი შეხედულებისამებრ ვერ შექმნის სპეცუბნებს და ეს არის დიდი ნაბიჯი წინ", - განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, როგორც თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრის და ინტერპარტიული ჯგუფის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, აუდიენცია საინტერესოდ წარიმართა და დაიგეგმმა სამუშაო ჯგუფის შექმნაც.
„პრემიერის გადაწყვეტილებაა, რომ მათთან შეიქმნას დიალოგის ფორმატი, რომელიც ერთი მხრივ, ინტერპარტიულ ჯგუფს ამ შემადგენლობით ან უფრო გაფართოებული შემადგენლობით და მეორე მხრივ, პრემიერს და მთავრობას საშუალებას მოგვცემს, რომ ვიყოთ მუდმივად აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში. ეს შეთანხმება შედგა და ალბათ, ჯგუფის შეხვედრა მალე დაიგეგმება", - აღნიშნა წულუკიანმა.