„ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანას და ეკონომიკას მინიმალური ზიანი მიადგეს", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ქვეყანას აქვს ეროვნული ბანკი, მის ეროვნულ ვალუტაზე ასეთ მძიმე გავლენას გარე ფაქტორები არ უნდა ახდენდეს.
„შეიძლება, ქვეყანას გარს ერტყას სახელმწიფოების წყება, სადაც ვირუსული დაავადებაა გავრცელებული, მაგრამ თუ კარგად გაქვს დაცული საზღვარი და სამედიცინო სფერო გამართულად მუშაობს, ნაკლები ზიანი მოგადგება. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს რომ არ აკეთებდეს, უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, თუმცა დაბეჯითებით არც ამის თქმა შემიძლია. ამისთვის პროცესის გაანალიზებაა საჭირო. მთავრობის წევრი კი ვარ, მაგრამ მე ჩემი საქმე მაქვს. ამ სფეროში ჩახედვა რომ დავიწყო, ჩემი სამინისტრო უყურადღებოდ დამრჩება. სერიოზული მუშაობაა საჭირო. ამისთვის კი ეროვნული ბანკი და ეკონომიკური გუნდი არსებობს", - განაცხადა მინისტრმა.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)