ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პარლამენტში დებატების ფორმატში პრეზიდენტის გამოსვლის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისთვის" დებატები გაიგივებულია არა პლურალიზმთან და დემოკრატიის გამოვლინებასთან, არამედ პოლიტიკურ სპეკულაციასთან, ხმამაღალ და რადიკალურ განცხადებებთან.
„პარლამენტის რეგლამენტი დებატებს ითვალისწინებს, მაგრამ რატომღაც ჰგონიათ, რომ საზოგადოების ინტელექტუალური დონე პოლიტიკურ ასპარეზზე გლადიატორულ შეხლა-შემოხლას გულისხმობს და მოთხოვნა სწორედ ამაზეა.
როდესაც პარლამენტში პრეზიდენტი მოდის, ვფიქრობ, შეხვედრას ცოტა მეტი აკადემიურობა უნდა ჰქონდეს. ფრაქციის ხელმძღვანელები სრულად გამოხატავენ იმ პოზიციას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს და პირდაპირ ეხება პრეზიდენტის გამოსვლაში ჩამოყალიბებულ მიდგომებს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.