საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლუკა კურტანიძის განცხადებით კონსულტაციები იმის შესახებ, თუ ვინ დარჩება გუნდის წევრად, შიდა მოლაპარაკებებს ექვემდებარება, ამიტომ ამ ყველაფრის საჯაროდ გამოტანა არამართებულია.
„როდესაც წინსწრებით მიდის ლაპარაკი, ვინ იქნება მომავალ პარლამენტში, ესეც შეცდომაა. ამაზე საუბარი იქნება შიგნით, გუნდში."- აცხადებს კურტანიძე „კვირის ქრონიკასთან" და აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომლის სიტყვას კოალიციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ვაღიარე ერისკაცად. მან ძალიან ბევრი საქმით დაამტკიცა თავისი კაცობა და იმდენი გააკეთა, ერთად აღებულ მთელ პოლიტიკურ სპექტრს არ გაუკეთებია. ამ ადამიანთან დავსხდებით და დავილაპარაკებთ, ეს არ არის დასამალი. ახლა ყველა ლაპარაკობს, რომ მაგარია... 2012-ში ბევრი ხმას არ იღებდა, მაშინ სარისკო იყო, შეიძლებოდა ადამიანს სიცოცხლე საპყრობილეში დაესრულებინა. თუ იქიდან გამოხვიდოდი, ცოცხალ-მკვდარი იქნებოდი. ბიძინა ივანიშვილმა უსისხლოდ მოაშორა სააკაშვილის რეჟიმი. დღეს მე რა უფლება მაქვს, ამ ადამიანს არ მოვუსმინო და რჩევები არ გავითვალისწინო? პარლამენტში ჩქარობენ, უნდა დაველოდოთ, შეიძლება ხვალ სულ სხვა მოცემულობა იყოს. ყველამ აკეთოს თავისი საქმე, ერთმანეთის ლანძღვით ვერაფერს მოვიგებთ. მე მაქვს და კიდევაც მექნება ივანიშვილთან საუბარი, თუ მეტყვის, ახლა პარლამენტში კი არა სხვაგან მჭირდებიო, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ისე წავალ ბრძოლის ველზე."- აღნიშნავს კურტანიძე.