საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობა თითოეულ სამინისტროში არსებული პროექტების პრიორიტეტიზაციას ახდენს.
„ჩვენ ახლა გავდივართ ძალიან შრომატევად პროცესს, როცა ყველა სამინისტროს პორტფელს იხილავს ყველა მინისტრი. ჩვენ ვახდენთ იმ პროექტების პრიორიტეტიზაციას, რომელიც თითოეულ სამინისტროს გააჩნია და ალბათ, უახლოეს პერიოდში გვექნება მთლიანი, ფართო პრეზენტაცია ყველა სამინისტროს განხრით, თუ რას მიიჩნევს მთავრობა ყველაზე უფრო პრიორიტეტულად.
პრიორიტეტიზაცია უმთავრესი სამი კრიტერიუმის მიხედვით ხდება და ესენია: საზოგადოებისთვის აქტუალობა, რესურსების არსებობა და სახელმწიფო განვითარების სტრატეგიასთან თანხვედრა. თითოეული სამინისტროსთვის სამიდან ხუთ პრიორიტეტამდე ვირჩევთ და შემდეგ აიკინძება ერთ, მთავრობის პროექტების პორტფელად. რა თქმა უნდა, ყველა ამ პროექტს შორის მერე მთავრობა ამოირჩევს უმთავრეს სამიდან ხუთ პრიორიტეტამდე უკვე მთავრობის მასშტაბით. ეს პროცესი, ალბათ, უახლოეს ერთ თვეში დასრულდება. თითოეული სამინისტროს მიმართულებით ორი შეხვედრა ტარდება. პირველ შეხვედრაზე ხდება პორტფელის განხილვა, ამის შემდეგ კი ვახდენთ ყველაზე აქტუალური პროექტების გამოყოფას და მეორე შეხვედრაზე გვექნება იმ პოლიტიკური პასუხების განხილვა, რა გამოწვევებსაც ჩვენ ჩავთვლით ყველაზე უფრო მაღალ პრიორიტეტებად. მე მგონია, რომ ძალიან საინტერესო პროცესია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ამ პროცესში ჩართულია საპარლამენტო წარმომადგენლობა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ პრიორიტეტების განხილვა გაიმართება არასამთავრობო სექტორთანაც.
„ჩვენ აუცილებლად თქვენთანაც გვექნება ამ პრიორიტეტების განხილვა, იმიტომ რომ თქვენი აზრი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანია, მთლიანად საზოგადოება იყოს ჩართული ამ პროცესში", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.