სავალუტო კრიზისს და ლარის გაუფასურებას დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი გარე ფაქტორებს უკავშირებს.
„ნუ გგონიათ, ხელისფლებაში მყოფთ ფეხი ფეხზე აქვთ გადადებული და არაფერზე დარდობენ. ჩვენზე მდიდარი ქვეყანაა აზერბაიჯანი და ვნახეთ, იქ რაც მოხდა, ტოტალურად გაუფასურდა მათი ეროვნული ვალუტა. ასევე, ჩვენზე მდიდარი ქვეყნებია რუსეთი და თურქეთი, იქაც იგივე პრობლემებია. გარე ფაქტორები ლარის დევალვაციის ერთ-ერთი მიზეზია, რასაც მტერი თუ მოყვარე დაეთანხმება. ჩვენი ქვეყანა და მისი სამეზობლო სახარბიელო მდგომარეობაში ნამდვილად არ არის, თითოეულ ჩვენგანს და განსაკუთრებით ხელისუფლებას მართებს, ხაფანგები და შარები აირიდოს თავიდან და არ დაგვემატოს ის უბედურება, რომლის გამოსწორება წარმოუდგენელი იქნება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
დეპუტატს კითხვები აქვს ეკონომიკურ გუნდთან, ვინც ქვეყანაში ფინანსურ პოლიტიკას განაგებს. „რა არის გამოსავალი, უმოკლეს ხანში მათგან პასუხი უნდა მივიღოთ. მათი პასუხები მოგვეწონება თუ არა, ეს სხვა საკითხია. მთავარია, სიმართლე გვითხრან. ვსვამ კითხვას - ვაკეთებთ კი იმას, რომ ამ რეალური მონაცემებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ, ამ პროცესს რამე დავაკელით და იმიტომ მოვედით ამ მდგომარეობამდე, თუ სხვა დანარჩენი ფაქტორებიც არსებობდა? უნდა გვითხრან, რას ვაკეთებთ, რომ ამ სირთულიდან გამოვიდეთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)