საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლარის დევალვაცია გამოწვეულია როგორც გარე, ასევე შიდა ფაქტორებით.
„ლარის დევალვაცია, ბუნებრივია, პირველ რიგში გამოწვეული არის გარე ფაქტორებით, თქვენ იცით, რომ არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია. კრიზისია სწორედ ის, რომ ნავთობის ფასი ასე ეცემა, თუმცა, ეს ჩვენთვის ბევრად კარგია და სწორედ ამან დაიცვა ლარი ინფლაციისგან. დევალვაცია გამოწვეულია, რა თქმა უნდა, გარე ფაქტორებით, თუმცა არსებობდა შიდა ფაქტორებიც, რომლებიც დღეს აღარ არსებობს. კერძოდ, გადმორიცხვები იყო შემცირებული, ინვესტიციების შეფერხება იყო და ა.შ. ამ ყველაფერმა გასული წელს ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია.
რეგიონის ყველა ქვეყანასთან შედარებით, ეროვნული ვალუტის კურსის კუთხით ყველაზე კარგი მდგომარეობა გვაქვს. ინვესტიციების შემოდინება საქართველოში გაზრდილია და ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, რაც ქვეყანაში ყოფილა, გადააჭარბა. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია და ისიც, რომ შემცირდა, თუმცა ბალანსი საკმაოდ უარყოფითია ექსპორტსა და იმპორტს შორის. ეროვნული ვალუტის კურსის კუთხით კარგი მაჩვენებელი გვაქვს ამ ფონზე. კარგი მაჩვენებელი გვაქვს ასევე ინფლაციის კუთხითაც, რადგან ინფლაცია სულ ცოტათი გადაცდა ზღვრულ მაჩვენებელს, ამაზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი და, ამ მხრივ, სამუშაოს მან ძალიან კარგად გაართვა თავი", - განაცხადა ტყმალაძემ.
მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ უკეთესი მაჩვენებლები იყოს.
„რომ გითხრათ, ერთ თვეში ეროვნული ვალუტა იქნება სტაბილური და გამყარდება დოლართან მიმართებაში, ამის პროგნოზის გაკეთება არ შემიძლია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ის პარამეტრები, რომლებიც ეროვნული ვალუტის სიმყარეს უნდა ემსახურებოდეს, არ დაირღვეს და პირიქით, უკეთესი მაჩვენებელი იყოს", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.