ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ლარის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს. როგორც ჯგერენაიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლარის გაუფასურება მსოფლიოში ნავთობზე ფასების დაცემამ გამოიწვია. ჯგერენაია აქვე ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი კვლავ დაეცემა და იგი 15 დოლარს მიაღწევს.
„ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ლარის გარშემო დატრიალებული მოვლენების მიზეზი მხოლოდ საგარეო ფაქტორია. ქვეყნის შიგნით პოლიტიკაში ბოლო ორი კვირა არაფერი შეცვლილა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ დაეცა ნავთობის ფასი, აზერბაიჯანის ეკონომიკა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა. აზერბაიჯანი სიტუაციაში უხეშად ჩაერია, მანათი თავისუფალ ბრუნვაში ჩაუშვა. ამან რამდენჯერმე გამოიწვია დევალვაცია. მსოფლიოში ნავთობის ფასი კატასტროფულად დავარდა და ყველამ ვიცით, რომ 15 დოლარამდეც დავა. ასევე რუსეთში რუბლის დევალვაციამ პიკს მიაღწია. საქართველოს ირგვლივ შეიკრა რკალი.
მთელი მსოფლიო ელოდება ღრმა ფინანსურ კრიზისს. ამ ვითარებაში საქართველოს განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, რომ ფინანსური სტაბილურობა შეინარჩუნოს", - განაცხადა ჯგერენაიამ.
როგორც ემზარ ჯგერენაია განმარტავს, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ამ ეტაპზე მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვაა.