რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, რომელსაც უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განაცხადა, რომ მომხრეები არიან, საქართველოსთან ურთიერთობა იყოს ნორმალური და კეთილმეზობლური.
„ჩვენ მომხრე ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ნორმალური იყოს. ქართველი ხალხი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს რუს მეზობლებთან ურთიერთობაში. დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს შორის მოსკოვის ინიციატივით არ შეწყვეტილა", - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აგვისტოს ომზეც ისაუბრა და მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაში" დაადანაშაულა.
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარდა, რუსეთს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური პოლიტიკის შედეგი. ის პროვოკაციებითაა ცნობილი, რომლის ნაწილი მისი ინიციატივით, ნაწილი კი შეკვეთით ხდება", - აღნიშნა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, მოსკოვი კმაყოფილია ჟენევის დისკუსიების გაგრძელებით და არსებობს იდეები, რომელიც ფორმატის ყველა მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც არ დაუშვებს „რეგიონში რეციდივების გამეორებას".
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა საქართველო, რომ გაერო-ში ყოველწლიურად ლტოლვილების შესახებ „ცალმხრივი" რეზოლუცია შეაქვს.
მისი თქმით, მოსკოვი მზად არის, ამ რეზოლუციაზე გაერო-ში იმსჯელოს, თუმცა აფხაზებისა და ოსების მონაწილეობით.
„აფხაზებს და ოსებს ამერიკელი კოლეგები ვიზებს არ აძლევენ", - განაცხადა ლავროვმა და ამერიკული მხარე ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და პარალელი გაავლო კოსოვოსთან, რომლის მოქალაქეებს ვიზების მიღების საკითხში პრობლემებს არავინ უქმნის.
რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივებს, მისი შეფასებით, „ეს ურთიერთობა ახლა გაყინვის სტადიიდან გამოდის". როგორც მან აღნიშნა, დამყარდა კონტაქტები ქართულ-რუსულ უწყებებს შორის რიგ სფეროში, მათ შორის ფიტოსანიტარიულ და სავაჭრო სფეროებში.
მან ასევე „გაზპრომთან" მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის „პრაგმატული პროცესი" და მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები ჩაიშლება, უადგილოა. მისი თქმით, საქართველოს მოლაპარაკებები „გაზპრომთან" აწყობს სომხეთსაც.
სერგეი ლავროვის თქმით, პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა და სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი დააწესა.
მისი თქმით, პერიოდულად ვრცდელდება ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს საწვრთნელი ბაზები აქვთ.
რაც შეეხება უვიზო რეჟიმის დაწესებას რუსეთ-საქართველოს შორის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი „პერსპექტივაში მზად არის, უვიზო რეჟიმზე წამოვიდეს", თუმცა ამაზე მსჯელობა უცნაური იქნებოდა, როცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს.
სერგეი ლავროვმა ასევე კარასინ-აბაშიძის ფორმატზე ისაუბრა. მისი თქმით, მათ შორის სანდო ურთიერთობაა დამყარებული, რაც საშუალებას აძლევთ, ყველა საკითხზე ისაუბრონ.
ლავროვმა ასევე ქართველ კოლეგასთან ურთიერთობის დაწყების მზადყოფნა გამოთქვა და შეახსენა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომლის თანახმადაც, ის მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.
„სხვათაშორის, მზად ვარ ჩემს ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია სხვა კონტაქტებიც. პრეზიდენტმა პუტინმა, როცა ამაზე ჰკითხეს, ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.